„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" 1 აგვისტოდან 27 სექტემბრამდე წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მორიგი შედეგები გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში წინასაარჩევნო გარემო 2012 წლის 1 აგვისტოდან 27 სექტემბრამდეა შეფასებული.

ანგარიშის მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდში, მიზანშეუწონელია ახალი, განსხვავებული, რეგულაციების მიღება, თუმცა მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ორგანოების მხრიდან მაინც მოხდა რამდენიმე საკითხის ახლებურად დარეგულირება".

ანგარიშში საუბარია კანონის აღსრულების პრობლემასა და შერჩევის სამართალწარმოებაზე, ასევე აღნიშულია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, მსგავსად არჩევნების დანიშვნამდე პერიოდისა, პოლიტიკური ნიშნით არაერთი ზეწოლის ფაქტი გამოვლინდა.

„სახეზეა საანგარიშო პერიოდში სახელმწიფოს ინსტიტუციური რესურსები პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების გამოყენება და გარდა ამისა, ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნების შემცვლელი ქმედებები, როგორც ოპოზიციური, ისე მმართველი პარტიის მხრიდან“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის პრეზენტაცია, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ოფისში, ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა და მონიტორინგის პროექტის ავტორმა ლევან ნატროშვილმა გამართეს.

მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციაზე, ასევე გიგაურმა აღნიშნა, რომ "მიუხედავად წლების განმავლობაში მიმდინარე საუბრებისა იმის შესახებ, რომ საარჩევნო კანონმდებლობა არჩევნებამდე ერთი ან ორი თვით ადრე არ უნდა შეიცვალოს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება შეიტანა, რომლის მიხედვით, სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და მედიას, საარჩევნო უბნებზე ფოტო, ვიდეო გადაღებებთან დაკავშირებით შეზღუდვები დაუწესდა".

ცნობისთვის, აღნიშნული ანგარიში, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მოამზადა.