რიჩარდ ნორლანდი: მოქალაქეებმა ხმის მიცემა მუქარისგან თავისუფალ გარემოში   უნდა შეძლონ

რიჩარდ ნორლანდი: მოქალაქეებმა ხმის მიცემა მუქარისგან თავისუფალ გარემოში უნდა შეძლონ

აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ყველა პოლიტიკურ პარტიასა და კანდიდატს, არჩევნების დღეს თავიანთი მოქმედებებით, რიტორიკით სიწყნარისა და სიმშვიდის ხელშეწყობისაკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ამერიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ხმის მიცემა მუქარისგან თავისუფალ გარემოში შეძლონ.

„შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს საქართველოში. სამართლიანი არჩევნები განამტკიცებს ქვეყნის დემოკრატიულ მიღწევებს და ხელს შეუწყობს საქართველოს ევრო–ატლანტიკურ მისწრაფებებს.

2008 წლის შემდეგ აშშ–ის მთავრობა საქართველოს დემოკრატიის, მმართველობისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად 120 მილიონი დოლარით დაეხმარა. შეერთებული შტატები მხარს არ უჭერს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, ან კანდიდატს. ის მხარს უჭერს დემოკრატიულ პროცესს და საქართველოს მონდომებას, შექმნას დემოკრატიული ინსტიტუტები",- ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ–ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი, არჩევნებზე აკრედიტებული საერთაშორისო დამკვირვებლის რანგში, სამეგრელოში წინასაარჩევნო ვითარებასა და მედიაგარემოს ეცნობა.