მაკა ლობჟანიძე: ორმეტრიანი ადამიანი ქუჩიდან გაიტაცეს და ამას ჩვენ პირდაპირ მთავრობას ვუკავშირებთ

მაკა ლობჟანიძე: ორმეტრიანი ადამიანი ქუჩიდან გაიტაცეს და ამას ჩვენ პირდაპირ მთავრობას ვუკავშირებთ

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრის ბესო სურმავას მეუღლის მაკა ლობჟანიძის განცხადებით, ბესო სურმავა სავარაუდოდ, გატაცებულია და მასზე ზეწოლა ხორციელდება. ამის შესახებ ლობჟანიძემ დღეს კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისში განაცხადა. 

„ჩემი მეუღლე გაიტაცეს და ამაში ხელისუფლების ხელი ურევია,  აცხადებს მაკა ლობჟანიძე. მისი თქმით,  მისი მეუღლის სახელით Youtube-ზე განთავსებული აუდიოჩანაწერები არ შეიძლება სურმავას ატვირთული იყოს, რადგან მას კომპიუტერთან მხოლოდ ზედაპირული შეხება ჰქონდა. 
"გამორიცხულია, რომ ეს ჩანაწერები ჩემი მეუღლის ატვირთული იყოს. მას კომპიუტერთან ძალიან ზედაპირული ურთიერთობა ჰქონდა. ჩემი დახმარების გარეშე სკაიპშიც კი ვერ შედიოდა. დარწმუნებული ვარ, ის არ აწარმოებდა ფარულ ჩანაწერებს და ამაზე ხელი არ მიუწვდებოდა იმიტომ, რომ ამის გაკეთება არც იცოდა", - განაცხადა მაკა ლობჟანიძემ.

მაკა ლობჟანიძე მისი მეუღლის არაადეკვატურობაზე საუბრობს.

"ამას თუნდაც ის ფაქტი მოწმობს, რომ ჩემი მეუღლე საუბრის დროს არაადეკვატურია. მას ორჯერ ვესაუბრე და აშკარად არაფხიზელ მდგომარეობაშია. თითქოს ყურმილი ხელიდან უვარდება, ვერ აზროვნებს, ვერ ლაპარაკობს, ფსიქოტროპული წამლების ზემოქმედების ქვეშაა. ამასთან, ვიდეოში აშკარად ჩანს, რომ მას თვალები გაფართოებული აქვს, პირი გამშრალი. წინ რაღაც ედო და იმას კითხულობდა.

მითხრა, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენს ოჯახს სჭირდებაო. ბავშვები მოიკითხა. ვიდეოშიც ბავშვებს ახსენებს და ამბობს, რომ იქცევა ისე, მისი შვილების წინაშე რომ მართალი იყოს. ვფიქრობ ბესოზე სერიოზული ზეწოლა ხორციელდება და თან ბავშვების ფაქტორის გამოყენებით", - აღნიშნა მაკა ლობჟანიძემ.

ლობჟანიძე მეუღლეს მიმართავს და მოუწოდებს "ფსიქოლოგიურად არ გატყდეს". გარდა ამისა, ის სამართალდამცველებსაც მოუწოდებს, მეუღლე უვნებელი დაუბრუნონ.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა სურმავას ცოლის ძმამაც. ლევან ლობჟანიძის თქმით, ბესო სურმავა ერთგული ადამიანია და მისი მეშვეობით ცდილობენ საზოგადოებას დაანახონ, თითქოს "ქართულ ოცნებაში" განხეთქილებაა.

"შეარჩიეს ბიძინა ივანიშვილის ყველაზე ერთგული ადამიანი და მისი საშუალებით ცდილობენ დაანახონ საზოგადოებას, თითქოს კოალიციაში განხეთქილებაა. ეს არის სისულელე. კაცი აშკარად ფსიქოტროპული წამლების ზემოქმედების ქვეშ არის. ორმეტრიანი ადამიანი ქუჩიდან გაიტაცეს და ამას ჩვენ პირდაპირ მთავრობას ვუკავშირებთ", - დასძინა სურმავას ცოლის ძმამ. 

 

"ჩემს შეკითხვებს არ პასუხობდა, მხოლოდ იმას მეკითხებოდა, ჩვენ როგორ ვიყავით. ვფიქრობ, ის არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო", - განმარტა სურმავას მეუღლემ.

ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრმა ბესო სურმავამ გუშინ სოციალური ქსელით ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ უსაფრთხოების სამსახურს ბიძინა ივანიშვილისგან კოალიციის წევრების ფარულად მოსმენა და ჩანაწერების გაკეთება ჰქონდა დავალებული. გუშინ და დღეს, მისი სახელით Youtob-ზე "ქართული ოცნების" რამდენიმე წარმომადგენლის საუბრის აუდიოჩანაწერიც დაიდო.