ბიძინა ივანიშვილი: საქართველოს ასეთი ოპოზიცია არ ჰყოლია და ნუ აკეთებთ წარსულზე აპელირებას

ბიძინა ივანიშვილი: საქართველოს ასეთი ოპოზიცია არ ჰყოლია და ნუ აკეთებთ წარსულზე აპელირებას

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს ძალიან ძლიერი ოპოზიცია ჰყავს, რომელიც არჩევნების გაყალბების საშუალებას არავის მისცემს.

ამის შესახებ ივანიშვილმა ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ეთერში წინასაარჩევნო პროექტ "ხაზზეა საქართველოში" სტუმრობისას თბილისიდან შესული სატელეფონო კითხვის პასუხად განაცხადა.

„ვარწმუნებ საქართველოს მოსახლეობას, რომ ყველაფრისთვის აბსოლუტურად  მომზადებული ვართ და ასეთი კოლიცია, ასეთი ოპოზიცია საქართველოს არ ჰყოლია და ნუ აკეთებთ წარსულზე აპელირებას - აბსოლუტურად განსხვავებული რეალობაა დღეს და ძალიან მაგრად ვართ მომზადებული. ძალიან ძლიერი ოპოზიციაა და არაფრის საშუალებას არ მივცემთ, ვერაფრით ვერ გააყალბებენ. ის ძალადობები, დაჯარიმებები და ა.შ რაც მოხდა, აღწერილი აქვთ იმ დამკვირვებლებს, რომლებიც ჩამოვიდნენ და იმდენი აქვს ხელისუფლებას გაყალბებული და დარღვეული, არაფრის გაყალბების საშუალება არ აქვთ და არაფერსაც არ მივცემთ. ყველაფერს დავიცავთ“, - განაცხადა ივანიშვილმა და მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში მან მთელი საქართველო შემოიარა , რითაც კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ გამარჯვებამდე რამდენიმე დღე აშორებს.

„ის, ვინც აკვირდება, რაც ბოლო დროს საქართველოში ხდება, იმის შემდგომ რაც შემოვედით პოლიტიკაში, არავის ეპარება ეჭვი ჩვენს გამარჯვებაში და მე გარწმუნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მთელი საქართველო შემოვიარეთ, კარგად ვიცით ხალხის განწყობა და გამარჯვებამდე რამდენიმე დღე გვაშორებს. საქართველოს მოსახლეობა ძალიან მომართულია და ძალიან დიდი სხვაობით გავიმარჯვებთ“, - დასძინა მან.