„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" „ინფო 9“-ის დახმარებით საარჩევნო ვიდეომონიტორინგს განახორციელებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" არჩევნების დღეს თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე ვიდეომონიტორინგს განახორციელებას გეგმავს. ამის შესახებ კაკაბაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციას სპეციალური კომპიუტერული პროგრამით პროგრამისტთა ჯგუფი ეხმარება. ორგანიზაციის სათანადოდ ტექნიკურ აღჭურვილობას კი „ინფო 9" უზრუნველყოფს.

„ვიდეოგადაღებებთან დაკავშირებით ცესკო-ს მხრიდან დაწესებული გარკვეული შეზღუდვებისა და ახალი რეგულაციების მიუხედავად, ჩვენ მაინც ვუზრუნველყოფთ, რომ ხმის მიცემის პროცესი სრულად აღიბეჭდოს“, - აცხადებენ ორგანიზაციაში და აღნიშნეს, რომ ვიდეოგადაღება, როგორც საარჩევნო უბნის შიდა, ასევე გარეთა პერიმეტრზე უწყვეტ რეჟიმში მოხდება.

რაც შეეხება ამ პროცესში პროგრამისტთა ჩართვას, საუბარია სპეციალური კომპიუტერულ სისტემაზე, რომელიც სახეების ამოსაცნობად გამოიყენება.

ვასილ გოგოლაძის განმარტებით, პროგრამა არამხოლოდ საარჩევნო, არამედ სამიტინგო კარუსელის დადგენის შესაძლებლობას იძლევა და ერთსა და იმავე სახეების იდენტიფიცირებას მარტივად ახდენს.

„მოხდება ყველა იმ ამომრჩევლის გადაღება, ვინც კაბინაში შევა და საარჩევნო ყუთში საარჩევნო ბიულეტენს ჩააგდებს, რათა სწორედ სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი საარჩევნო "კარუსელს"“, - განაცხადეს ორგანიზაციაში.

იმის გათვალისწინებით, რომ ორგანიზაციას ტექნიკურ დახმარებას "ინფო 9" უწევს, გადაღებული მასალა ექსკლუზიურად "ინფო 9"-ს მიეწოდება და მის ვებგვერდზე აიტვირთება, თუმცა როგორც სააგენტოს წარმომადგენელმა მანანა ელიაშვილმა განმარტა, შემდგომში ყველა მედია-საშუალებას და სხვა დაინტერესებულ ჯგუფს მისი გამოყენებისა შესაძლებლობა ექნება.

გადაღებული ვიდეომასალები მიეწოდება საერთაშორისო ორგანიზაციებს და უცხოელ დამკვირვებლებს.