გია ხუხაშვილი: პატარკაციშვილსა და ხელისუფლების წევრებს შორის,  ბევრად უარესი და ბევრად „გაშიშვლებული“ საუბრები შემდგარა

გია ხუხაშვილი: პატარკაციშვილსა და ხელისუფლების წევრებს შორის, ბევრად უარესი და ბევრად „გაშიშვლებული“ საუბრები შემდგარა

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით, დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო ჩანაწერები, სადაც მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ჟვანიას, ბადრი პატარკაციშვილის, ვანო ჩხარტიშვილისა და ეროსი კიწმარიშვილის შეხვედრა  ჩანს, მისთვის სიახლეს არ წარმოადგენს

ამის შესახებ, ხუხაშვილმა დღეს for.ge -ის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ის დარწმუნებით აცხადებს, რომ გავრცელებულ შეხვედრის კადრებზე,  ბევრად უარესი და ბევრად „გაშიშვლებული“ საუბრები შემდგარა მათ შორის და აღნიშნავს, რომ ამის შესახებ, მაგალითად,  თუ რას სთავაზობდა პატარკაციშვილს  ხელისუფლების წარმომადგენლები  თვითონ ბადრისგან სმენია.

„აქ,  საუბარი ვერსიების დონეზეა. შეიძლება კიდევ  უარესი ყოფილიყო  მაგალითად,  კონკრეტულ გარიგებებთან, კონკრეტულ შეთავაზებებთან დაკავშირებით, თუ  როგორ ინაწილებდნენ ყველა ბიზნესს, როგორ შემოჰყავდათ ე.წ. ინვესტორები და როგორ ატრიალებდნენ ფულს.  შეიძლება კიდევ ცოტა უარესიც, არალეგალურ ბიზნესებთან დაკავშირებით,  მე ვარაუდებს გამოვთქვამ და ამასთან დაკავშირებით, ბევრი ვარაუდის გამოთქვა შეიძლება“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისი განმარტებით, მას ეს ჩანაწერები ნანახი არ ჰქონდა, თუმცა აღნიშნავს, რომ ზოგადად, ამ ადამიანების ბუნება იცოდა,  რეალურად იცოდა, რა ხდებოდა  და ამიტომაც ის მისთვის სიახლეს არ წარმოადგენს.

ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ უბრალოდ, კომფორმისტული გარსი არ აძლევდა საზოგადოებას საშუალებას, რომ ეთქვა „ორჯერ ორი ოთხია“.

რაც შეეხება იმას, თუ ვის ინტერესებში  შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ჩანაწერების გამოქვეყნება, ხუხაშვილი აცხადებს, რომ ამაზე უამრავი ვერსია შეიძლება გამოითქვას.

„თუ ვის აწყობდა ამ ჩანაწერების გამოქვეყნება, ამ შემთხვევაში,  არ მინდა კონკრეტულ პიროვნებებზე ვისაუბრო. ამის სააშკარაოზე გამოტანა,  ქართველი საზოგადოების, ქართველი ხალხის ინტერესებშია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება შეკითხვას, ხელისუფლებიდან ვინმე ხომ არ ცდილობს თავის გადარჩენას, ხუხაშვილი აცხადებს, რომ ახლა ხელისუფლების წარმომადგენლები ისეთ ფაზაში არიან,  თავის გადარჩენას ყველა ეცდება.

„არავინ არავისზე პოლიტიკურ ანგარიშწორებას არ აპირებს.  მინდა ხელისუფლებას ვუთხრა,  რომ თუ ასეთ რაღაცებს ცდილობენ და ამით ვინმე  ქულების ჩაწერას ცდილობს, რომ  მე ახლა გარიგებაში შევალ და თავს გადავირჩენ,  მიუხედავად იმისა,  რომ სისხლის სამართლის დანაშაული მაქვს ჩადენილი, თუ ვინმეს აქვს,   ამის იმედი, სრულიად ტყუილად. პოლიტიკურ დევნას ხელისუფლებისას,  არც არავინ აპირებს. უბრალოდ,  ვერც ერთი სისხლის სამართლის დამნაშავე ვერ გადაურჩება ობიექტურ და დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას. ასეთი კომპრომატებით თავის  გადარჩენა  სისულელეა“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

შეკითხვის პასუხად, ფარული ჩანაწერის გავრცელების უკან შესაძლებელია, თუ არა ვანო მერაბიშვილი ვიგულისხმოთ, ხუხაშვილი აცხადებს, ვერაფერს გამორიცხავს, თუმცა აღნიშნავს, რომ გამომდინარე იქიდან,  რომ  ჩვენ ვანო მერაბიშვილის კადრებიც ვნახეთ,  ნაკლებად სავარაუდოა, ამის უკან ის იყოს.