გმირთა მემორიალთან აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები იკრიბებიან

გმირთა მემორიალთან აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები იკრიბებიან

საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით,  ომის ვეტერანები,  დაღუპულთა ოჯახის წევრები, პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები იკრიბებიან.

ისინი მემორიალს გვირგვინებით ამკობენ და სანთლებს ანთებენ. ომში დაღუპულთა დედები შვილების ფოტოებს მარადიულ ცეცხლთან აწყობენ.

როგორც აფხაზეთის ომის ვეტერანმა რაფიელ გელანტიამ განაცხადა, 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე,  საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული ფურცელია,  რომელიც დიდხანს გაჰყვება ჩვენს ერს.

„ჩვენი ისტორია ომების ისტორიაა, ყველაფერი იცვლება,  წყობილებები იცვლებია,  ხოლო მიწას მოვლა და გაფრთხილება სჭირდება,  მთავარია, რომ გადარჩეს მიწა“,  - განაცხადა მ.

მემორიალთან ასევე მოვიდნენ აფხაზეთის მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნებიც.

„ყველაზე მტკივნეული არის ის, რომ 19 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი განცხადება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით, ხელისუფლების მხრიდან არ თქმულა, ამიტომ ბოლო წლების განმავლობაში დიდი უიმედობა ჩაისახა. ერთადერთი შეგვიძლია გავიხსენოთ, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო დაპირება, რომ ის აფხაზეთში დაგვაბრუნებდა, მეტი არაფერი თქმულა“,  - განაცხადა ომის ვეტერანმა, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ლონდერ ცაავამ.

დიდების მემორიალი ასევე გვირგვინით შეამკეს „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა, ევროპელმა დემოკრატებმა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა.

  გმირთა მოედანზე ხალხის რაოდენობა მატულობს და დღის განმავლობაში სხვა ოფიციალურ პირებსაც ელოდებიან.