ლევან ბერძენიშვილი: ხელისუფლების წარმომადგენლებმა სიყალბის და კომპრომატის შეთითხნის ტალანტიც დაკარგეს

ლევან ბერძენიშვილი: ხელისუფლების წარმომადგენლებმა სიყალბის და კომპრომატის შეთითხნის ტალანტიც დაკარგეს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას და ჩანაწერებს, სადაც კანონიერ ქურდებთან კავშირში კოალიციის ლიდერების კახა კალაძისა და გუბაზ სანიკიძის გვარები  ფიგურირებს, ხელისუფლების შეთითხნილ კომპრომატს უწოდებს.

ბერძენიშვილის განცხადებით, ის ხელისუფლებისგან კომპრომატებს ელოდებოდა, თუმცა აღნიშნავს, რომ როგორც ჩანს, მათ სიყალბის და კომპრომატის შეთითხნის ტალანტიც დაკარგეს.

„მივიჩნევ, რომ ამ შემთხვევაში,  ადამიანის უფლებათა საყოველთაო დარღვევასთან გვაქვს საქმე. ვიცით, რომ ჩაწერა და სატელეფონო მოსმენა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუკი რაიმე საქმეა აღძრული. მათ არ უთქვამთ, რატომ მოუსმინეს ვთქვათ კალაძეს, რა დანაშაულზეა საქმე აღძრული.  ჩანაწერში საერთოდ არაფერი ისმოდა,  მართალი გითხრათ,  კახი კალაძე მართლა ესაუბრა ვინმეს,  თუ არა,  გაუგებარია.  აშკარაა, რომ ეს ხელისუფლების  შეთითხნილი მასალაა. რა არის ეს, რა საქართველოს დაქცევაზეა საუბარი?  საერთოდ, ჩვენი ხელისუფლებისგან კომპრომანტებს ველოდებოდი, მაგრამ როგორც ჩანს,  მათ უკვე სიყალბის და კომპრომატის შეთითხნის  ტალანტიც დაკარგეს. ციხის კადრების შემდეგ,  რა ფასი აქვს ამ ე.წ. კომპრომატებს, ვისზე უნდა იმოქმედოს?!. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში ასეთი რამ არ ხდება. ყველა ასეთი ჩანაწერი  უკანონოა. არანაირი ძალა მას არ აქვს,“- განაცხადა ბერძენიშვილმა.

ბერძენიშვილის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ეკატერინე ზღულაძე ისევე, როგორც მისი წინამორბედები დანაშაულებრივ გზას დაადგა.

„ქალბატონი ზღულაძის კლასი არაფრით  არ აღემატება ბაჩო ახალაიას კლასისგან. ეს სირცხვილი და შსს-ს თავის  მოჭრაა. რა გადაგვარებაა, რას გავს  ეს?  ვინ არიან ეს პოლიტიკური ოროსნები? ეს  ზღულაძის პირველი სირცხვილია. ის ისეთივე დამნაშავე და  ჯალათია, როგორც მისი წინამორბედი“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.