„დემოკრატიული მოძრაობა“  ცესკოს  მიერ  საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეოგადაღების შეზღუდვას აპროტესტებს

„დემოკრატიული მოძრაობა“ ცესკოს მიერ საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეოგადაღების შეზღუდვას აპროტესტებს

დემოკრატიული მოძრაობა ცესკოს  გადაწყვეტილებას, რომელიც საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეოგადაღების შეზღუდვის დაწესებას უკავშირდება, გმობს. ამასთან დაკავშირებით პარტიამ განცხადება გაავრცელა.

პარტიაში აცხადებენ, რომ ასეთი რეგულირება ზღუდავს საზოგადოებისათვის ობიექტური ინფორმაციის მიღებას, მათ შორის საარჩევნო უბნებზე არჩვევნების პროცესის მიმდინარეობის შესახებ. გარდა ამისა, მათი განცხადებით, ჟურნალისტებისათვის ხდება პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლა.

განცხადების თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედებები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რასაც „დემოკრატიული მოძრაობა“ და „სახალხო კრება“ წლების მანძილზე აცხადებს, რომ ამ ხელისუფლებასთან დიალოგს და შეთანხმების მიღწევასაც კი არავითარი აზრი არ აქვს, რადგან ხელისუფლება პირველსავე მისთვის საჭირო და ხელსაყრელ მომენტში დაარღვევს ნებისმიერ პირობასა და შეთანხმებას.

„გადაწყვეტილება, რომ მედიის წარმომადგენლებს საარჩევნო უბნებზე თავისუფალი გადაადგილების და გადაღების უფლება ექნებოდათ კანონით იყო განსაზღვრული, თუმცა არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე ხელისუფლებამ შეცვალა მისთვის უხერხული ნორმა და ამით კიდევ უფრო გაიხსნა ხელ-ფეხი არჩევნების გაყალბებისათვის, ვინაიდან ვიდეოკადრები იქნებოდა უტყუარი მტკიცებულებეი იმ გაყალბებისა, რომელსაც ხელისუფლება გეგმავს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 „დემოკრატიული მოძრაობა“  იმედს იტოვებს, რომ ქართული ობიექტური მედია საშუალებები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საზოგადოებისთვის არჩევნების მიმდინარეობის შესახებ რეალური სურათის მიწოდებით, მათ შორის საარჩევნო უბნებზე არსებული მდგომარეობის შესახებ, მოძებნიან გამოსავალს, რომ თუნდაც ერთმა ვიდეო კამერამ იმუშაოს უწყვეტ რეჟიმში ყველა უბანზე.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას ადექვატურად შეაფასონ ხელისუფლების მიერ საარჩევნო გარემოს კიდევ უფრო გაუარესება და მიიღონ ზომები არსებული უსამართლობის სასწრაფოდ აღმოსაფხვრელად“, - აცხადებენ პარტიაში.