თენგიზ ომანაძე: ფსევდო-ლიბერალი არასამთავრობოები პარტიის საარჩევნო კამპანიის აკრძალვას ცდილობენ

თენგიზ ომანაძე: ფსევდო-ლიბერალი არასამთავრობოები პარტიის საარჩევნო კამპანიის აკრძალვას ცდილობენ

პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, ფსევდო-ლიბერალი არასამთავრობოები სახელმწიფოსთან ერთად მათი საარჩევნო კამპანიის აკრძალვას ცდილობენ.

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის პოლიტიკური მდივანმა თენგიზ ომანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 12 სექტემბერს, ცალკეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო სექტორის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, (საია, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, „მრავალეროვანი საქართველო“, საქართველოს ევანგელურ-ბაბტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, ლგბტ, „იდენტობა“) ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგინეს განცხადება, რომლითაც ითხოვენ პარტიის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კლიპთან  დაკავშირებით. ომანაძე აღნიშნავს, რომ განცხადებლების აზრით, კლიპი შეიცავს „ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას“. ცესკომ კი  პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და განცხადებლების მოთხოვნა დააკმაყოფილა.

25 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა პროცესი. ცესკოს მსგავსად, სასამართოლმაც მიიღო პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება. მოსამართლემ არ გაითვალისწინა პარტიის მხარის სამართლებრივად მყარი არგუმენტაცია და „თავისუფალი საქართველო“ 2.000 ლარით დააჯარიმა. პარტიას აგრეთვე აეკრძალა საარჩევნო რგოლის მოცემული ფორმით გამოყენება“, - ნათქვამია განცხადებაში.

„თავისუფალი საქართველო“ საიას მოუწოდებს გაერკვეს მისი მოქმედების მიზნებში და ჩამოყალიბდეს ებრძვის სააკაშვილის დიქტატორულ რეჟიმს, რომელსაც მართლაც არაფერი აქვს საერთო ადამიანის უფლებებთან, თუ ებრძვის ეროვნულ ოპოზიციას.

„ფსევდო-ლიბერალური ორგანიზაციების, ცესკოს და შემდეგ სასამართლოს პოზიცია, „თავისუფალი საქართველოსთვის“ არჩევნებამდე 6 დღით ადრე საარჩევნო რგოლის აკრძალვასთან დაკავშირებით, პარტიის საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის მცდელობას წარმოადგენს. თუმცა, „თავისუფალი საქართველო“ ყოველგვარი ზეწოლის და უკანონო ბარიერების მიუხედავად, მაინც ახერხებს მთავარი სათქმელის საზოგადოებამდე მიტანას. ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომელი პოლიტიკური პარტიაა საქართველოში ეროვნული ძალა და ლიბერალისზმის ნიღაბს ამოფარებული სახელმწიფო ორგანოების და არასამთავრობო სექტორის მცდელობა, შედეგს ვერ გამოიღებს“, - აცხადებენ პარტიაში.