რიკარდო მილიორი: საქართველოში მედიასა და სამოქალაქო ჯგუფებში დაფიქსირებული ფაქტების გამო შეშფოთებული ვარ

რიკარდო მილიორი: საქართველოში მედიასა და სამოქალაქო ჯგუფებში დაფიქსირებული ფაქტების გამო შეშფოთებული ვარ

"ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკარდო მილიორი სპეციალურად გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ ის საქართველოში მედიასა და სამოქალაქო ჯგუფებში დაფიქსირებული ფაქტების გამო შეშფოთებულია.

„შეშფოთებული ვარ საქართველოში მედიასა და სამოქალაქო ჯგუფებში დაფიქსირებული ფაქტების გამო, რომლებიც ოპოზიციასთან დაკავშირებული აქტივისტების დაკავების შემთხვევებს ასახავს,  განსაკუთრებით კი მაშინ,  როდესაც ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირაც არ არის დარჩენილი“,  - ამბობს მილიორი და აღნიშნავს, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოში ყოფნისას მომავალი არჩევნების მნიშვნელობაში დარწმუნდა.

მილიორიმ გამოთქვა იმედი, რომ დარჩენილი საარჩევნო კამპანია და არჩევნების შემდგომი პროცესები მშვიდად ჩაივლის.

მან ყველა მხარეს მოუწოდა, რომ ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერი გააკეთონ.

„სერიოზული მიდგომა სჭირდება დაკავების ფაქტებსა და მხარეების მიერ გაკეთებულ ბრალდებებს,  რომელთა საფუძველზეც წინასაარჩევნოდ პოლიტიკური აქტივისტების თამაშიდან გათიშვა ხდება. არჩევნები ფართო დიალოგის შესაძლებლობას იძლევა და ხმის მიცემის პროცესი ღირსეულად უნდა ჩატარდეს“, - ამბობს მილიორი.