თინა ხიდაშელი: ხელისუფლებამ გადაწყვიტა რეპრესიული მანქანებით დათრგუნოს საზოგადოებაში არსებული პროტესტი

თინა ხიდაშელი: ხელისუფლებამ გადაწყვიტა რეპრესიული მანქანებით დათრგუნოს საზოგადოებაში არსებული პროტესტი

კოალიცია „ქართული ოცნების“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თინა ხიდაშელის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი გამოსვლა იუსტიციის სახლის პრეზენტაციაზე, ნიშნავს იმას, რომ ისინი გონს კიდევ ვერ მოვიდნენ და ვერ მიხვდნენ, თუ როგორ შეიცვალა საქართველო ამ კვირაში. „მე მხოლოდ შემიძლია მათ ვუთანაგრძნო. სააკაშვილი რაც უფრო ხშირად გამოჩნდება ტელევიზიით და რაც უფრო ხშირად ილაპარაკებს ისევ იმ ტონალობაში, მინდა მისი გუნდის წევრებს ვუთხრა, რომ მათ კიდევ უფრო ნაკლები შანსი რჩებათ, იყვნენ ქვეყანაში, როგორც პოლიტიკური ძალა, თუმცა ეს მათი გადასაწყვეტია“,-აღნიშნავს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

ხიდაშელის აზრით, ხელისუფლებამ არსებული პროტესტის ფონზე რეპრესიული ზომების გამკაცრება გადაწყვიტა. „ჩვენ გუშინ ვნახეთ ადმინისტრაციული ტიპის პატიმრობები, როდესაც დაკავებული იქნა სტუდენტური მოძრაობის ოთხი წევრი, რომელთაც 40-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ, მაშინ როცა ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში სამართალდამაცავები მხოლოდ 15 დღიან პატიმრობებს სჯერდებოდნენ ხოლმე. დააკავეს ჩემი შტაბის წევრიც, რომელსაც სასამართლომ 60-დღიანი პატიმრობა შეუფარდა აბსოლუტურად არაფრის გამო. ხელისუფლებამ გადაწყვიტა რეპრესიული მანქანებით დათრგუნოს საზოგადოების  არსებული პროტესტი, თუმცა ვფიქრობ, ეს სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს და კიდევ უფრო მეტ აგრესიას და წინააღმდეგობას გამოიწვევს  საზოგადოების მხრიდან“,-აცხადებს ხიდაშელი.