საია: ბაჩო ახალაიას მორალური პასუხისმგებლობა საკმარისი არ არის

საია: ბაჩო ახალაიას მორალური პასუხისმგებლობა საკმარისი არ არის

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბაჩო ახალაიას მხოლოდ თანამდებობიდან გადადგომას პროპორციულ ღონისძიებად არ მიიჩნევს. ამის შესახებ საია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ მისი მორალური პასუხისმგებლობა საკმარისი არ არის.

განცხადების თანახმად, ლოგიკურია, დაიწყოს გამოძიება, რომელიც დაინტერესდება პირადად მისი ბრალეულობის საკითხით. განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:

„უკანასკნელი დღეების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვდნენ, თანამდებობა დაეტოვებინათ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, იუსტიციის მინისტრსა და მთავარ პროკურორს. აღნიშნული მოთხოვნის საპასუხოდ გადადგა შინაგან საქმეთა მინისტრი, რადგან მომხდართან დაკავშირებით მორალური პასუხისმგებლობა იგრძნო. თუმცა, მისი მორალური პასუხისმგებლობის დაყენება საკმარისი არ იქნება.

საქართველოში არსებული ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის პირობებში ლოგიკურია, დაიწყოს გამოძიება, რომელიც დაინტერესდება პირადად მისი ბრალეულობის საკითხით, რადგან მის სახელთან უშუალოდ არის დაკავშირებული პენიტენციურ სისტემაში არაადამიანური მოპყრობის მეთოდების დამკვიდრება და ადამიანის უფლებების უხეში და მასიური დარღვევები. შესაბამისად, ბაჩო ახალაიას მხოლოდ თანამდებობიდან გადადგომა საკმარისი და პროპორციული ღონისძიება ვერ იქნება", - აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.