სამოქალაქო სექტორის წევრებმა  საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მიმართვა გაავრცელეს

სამოქალაქო სექტორის წევრებმა საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მიმართვა გაავრცელეს

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც  საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მიმართვა გაავრცელეს. ისინი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობაში ეჭვმიტანილ პირებს,  ცივილიზებულ ქვეყნებში შესვლის აკრძალვას სთხოვენ.

მიმართვის ტექსტი ჟურნალისტებს კოალიცია „სამართლიანი არჩევნებისთვის“ წარმომადგენელმა ირაკლი მელაშვილმა გაანცნო.

„მოგმართავთ წინადადებით,  რომ გამოიყენოთ თქვენს ქვეყნებში არსებული პრაქტიკა (მაგ. ე.წ. „მაგნიტსკის საქმე“) და როგორც მინიმუმ,  საქართველოს სასჯელაღსრულებისა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრებს,  აგრეთვე იუსტიციის მინისტრსა და მთავარ პროკურორს,  როგორც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობაში ეჭვმიტანილ პირებს, აეკრძალოთ თქვენს ქვეყნებში შესვლა მანამ,  სანამ სრულფასოვნად და ობიექტურად არ იქნება გამოძიებული პენიტენციარულ სისტემაში ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებები“, - ნათქვამია მიმართვაში.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით,  ადამიანების მიმართ სასტიკ მოპყრობაში ეჭვმიტანილი პირების მხოლოდ თანამდებობრივი პასუხისმგებლობის დაყენება საკმარისი არ არის.

„შექმნილ ვითარებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას,  რომლის ქმედებებიდან გამომდინარე, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი,  რომ გამოძიება ეცდება, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისროს კონკრეტულად მხოლოდ ამ ვიდეომასალებში დაფიქსირებულ დანაშაულის უშუალო შემსრულებლებს. ქვეყნის ღირსების საქმედ მიგვაჩნია, რომ არა მხოლოდ თანამდებობის დატოვებით, არამედ კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს ყველა პირი, განურჩევლად მათი რანგისა, ვინც ხელი შეუწყო პატიმართა მიმართ სასტიკი და არაადამიანური მოპყრობის სისტემის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა მელაშვილმა.

გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის ლაშა ტუღუშის შეფასებით, შექმნილ ვითარებაში „კოსმეტიკურ ცვლილებებს“,  აჯობებდა მთავრობა სრული შემადგენლობით გადამდგარიყო.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიმართვის ტექსტი  აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ქეთრინ ეშტონს,  აშშ-ს ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ფილიპ დიმიტროვს გაუგზავნეს.

მიმართვის ტექსტს ამ დროისთვის ხელს აწერს სამოქალაქო სექტორის 53 წარმომადგენელი.