ზაზა ხატიაშვილი ადეიშვილის, კუბლაშვილის და ზოდელავას დასჯას ითხოვს

ზაზა ხატიაშვილი ადეიშვილის, კუბლაშვილის და ზოდელავას დასჯას ითხოვს

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის და მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას დასჯას ითხოვს. ამ მოთხოვნით მან დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აქამდე  ადვოკატები თავისი სიცოცხლის ფასად ავრცელებდნენ პატიმრის წამების ფაქტებს, რის გამოც ხატიაშილის ინფორმაციით, ეს ადვოკატები არაერთხელ გამხდარან ზეწოლებისა და დევნის მსხვერპლნი.

მისივე თქმით, ადეიშვილის და ზოდელავას მხრიდან დანაშაულის დაფარვის ფაქტებმა წაახალისა სასჯელაღსრულების დაწესებულებები, კონსტანტინე კუბლაშვილის უზნეო სასამართლო კი ოფიციალურად აკანონებდა ჩადენილ ძალადობებს. ამიტომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მოითხოვს, საასწრაფოდ გადადგნენ სამოქალაოქო საზოგადოების აღნიშნული „მტრები“, წინააღმდეგ შემთხვევაში უკიდურეს ზომებისთვის მიმართვას აპირებს.

განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე გაოგნებული ვარ სამოქალაქო საზოგადოების მტრების იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის და მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას მოქმედებით. ბაჩო ახალაია კრიმინალი რომ იყო და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საშინელებები მისი მისვლის შემდეგ დაიწყო, მთელმა სამოქალაქო საზოგადოებამ  კარგად ვიცოდით, მაგრამ ისმის კითხვა, ვინ აქცია ბაჩო ახალაია კრიმინალად, ვინ იყო ბაჩო ახალაიას და მისი გუნდის მიერ ჩადენილი დანაშაულებების წამქეზებელი და მფარველი?  პირველ რიგში, ესენი იყვნენ ზურაბ ადეიშვილი, კონსტანტინე კუბლაშვილი და მურთაზ ზოდელავა.

მე, ზაზა ხატიაშვილი, რაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ ამირჩიეს, მივმართავდი სამოქალაქო საზოგადოებას იმის შესახებ, რომ სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში პატიმრებს აწამებდნენ არნახული მეთოდებით, ადგილი ჰქონდა პატიმრების გაუპატიურების ფაქტებს, მაგრამ არავიან მისმენდა.

ადვოკატები თავისი სიცოცხლის ფასად ავრცელებდნენ პატიმრის წამების ფაქტებს. ამის გამო, ადვოკატთა კორპუსი სააკაშვილის რეჟიმის მთავარი სამიზნე გახდა და ჩვენი ასორმოცდაშვიდი კოლეგა გაასამართლეს. ადვოკატი ვლადიმერ ტაბაღუას სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ორჯერ აღუკვეთეს თავისუფლება, როდესაც მას გამოჰქონდა პატიმრის წამების მტკიცებულებები. ადვოკატ ირინა საღინაძეს ორჯერ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, დაემუქრნენ გაუპატიურებით მხოლოდ იმიტომ, რომ ადვოკატი ირინა საღინაძე ცდილობდა ციხიდან გამოეტანა პატიმრის ჩვენება წამების თაობაზე.

ზუსტად ანალოგიური ზეწოლის მსხვერპლნი გახდნენ ადვოკატები ჯუმბერ მილორავა, ქეთევან ვარდანაშვილი, დიანა მარტიაშვილი და სხვები. მთელ სამოქალაქო საზოგადოებას ახსოვს მალხაზ არქანიას ჩვენება, რომ მას შეაჭამეს ჩვენება, აყურებინეს პატიმრების გაუპატიურება, შემდეგ კი მასზე ადგილი ჰქონდა სქესობრივ ძალადობას მიუხედავად იმისა, რომ მივმართეთ პროკურატურას გამოძიების დაწყების თაობაზე. ადეიშვილმა და ზოდელავამ ეს ფაქტი დამალეს.

ადეიშვილს და ზოდელავას რომ გამოეძიებინათ მალხაზ არქანიაზე სქესობრივი ძალადობის ფაქტი, ეს უმსგავსობები არ მოხდებოდა. პირადად მივმართე იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს, მაგრამ არც ერთ ფაქტზე არ ჩატარდა ეფექტური გამოძიება და არავინ დასჯილა. სწორედ ადეიშვილის და ზოდელავას მხრიდან დანაშაულის დაფარვის ფაქტებმა წაახალისა სასჯელაღსრულების დაწესებულებები და ისინი ჩადიოდნენ გაუგონარ ძალადობას, ამიტომ მათ პასუხი უნდა აგონ, როგორც დანაშაულში თანამონაწილეებმა დამნაშავეთა მფარველებმა. საქართველოს მთავარი უბედურებაა კონსტანტინე კუბლაშვილის უზნეო სასამართლო, რომელიც  აკანონებდა ჩადენილ ძალადობას, რომელმაც უკანონოდ გასამართლა 100-ზე მეტი ადვოკატი, რომელიც მალავდა პატიმრის წამების ფაქტებს.

სასამართლო პროცესებზე მოჰყავდათ ნაწამები პატიმრები, მოსამართლეები უყურებდნენ მათ და არ რეაგირებდნენ, რამაც წაახალისა საკაშვილის რეჟიმი. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მოვითხოვ, საასწრაფოდ გადადგნენ სამოქალაოქო საზოგადოების მტრები: იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე  კონსტანტინე კუბლაშვილი და მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა, წინააღმდეგ შემთხვევაში ადვოკატთა კორპუსი უკიდურეს ზომებს მივმართავთ", - აცხადებს ხატიაშვილი.