პაატა ზაქარეიშვილი: თუ  სააკაშვილს მართლა უნდა სიტუაციის განმუხტვა,  სასწრაფოდ უნდა დააპატიმროს ბაჩო ახალაია

პაატა ზაქარეიშვილი: თუ სააკაშვილს მართლა უნდა სიტუაციის განმუხტვა, სასწრაფოდ უნდა დააპატიმროს ბაჩო ახალაია

ექსპერტ პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, შექმნილ ვითარებაში შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას მხოლოდ გადადგომა საზოგადოების დაცინვა და ცინიზმია.

როგორც ზაქარეიშვილმა From.ge - სთან საუბარში განაცხადა, აუცილებელია ახალაიას არამარტო გადადგომა, არამედ მისი პასუხისგებაში მიცემა. მისი თქმით, სააკაშვილი მხოლოდ ასეთი ნაბიჯით შეძლებს სიტუაციის განმუხტვას.

„ბაჩო ახალაიას გადადგომა დაახლოებით იგივეა, რაც ადრე სააკაშვილის მიერ კრიტიკულ სიტუაციაში მისი ძმის დათა ახალაიას თანამდებობიდან გათავისუფლება, როცა ის მაინც განაგრძობდა ამ სტრუქტურაში მუშაობას და შსს-ს მართვას. ასე რომ თუ კი სააკაშვილს მართლა უნდა სიტუაციის განმუხტვა, მან სასწრაფოდ უნდა დააპატიმროს ბაჩო ახალაია და მის წინააღმდეგ აღძრას სისხლის სამართლის საქმე“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

თუმცა ექსპერტი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი უკვე მის წინააღმდეგ მოქმედებს. მისი თქმით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ბაჩო ახალაიას დაპატიმრება ისეთივე უარყოფითად იმოქმედებს მასზე და ხელისუფლებაზე, როგორც არ დაპატიმრება.

„ნებისმიერ შემთხვევაში სააკაშვილი იძულებული იქნება აღიაროს, რომ შეცდომებს უშვებდა და რომ ტემპერატურა მის წინააღმდეგ იწევს. თუმცა მას  აქვს შანსები მომავალში გადარჩეს როგორც პოლიტიკოსი და თუ კი მომავალზე ფიქრობს, ახალაია უნდა დააპატიმროს“, - განაცხადა მან.

 ასევე ექსპერტის აზრით, სააკაშვილი არჩევნებზე ნებისმიერ შემთხვევაში დამარცხდება, თუმცა აცხადებს, რომ მას აქვს შანსი ოპოზიციაში გადასვლით, პოლიტიკოსის სტატუსი შეინარჩუნოს.

„თუ ასე არ მოიქცევა ახალაიასთან ერთად მოუწევს პასუხი აგოს იმაზე, რაც ხდება ქვეყანაში“, - დასძინა მან.

ასევე ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოება გამოფხიზლდა და იმედოვნებს, რომ ეს ტემპერატურა 1 ოქტომბერს უფრო აიწევს, როცა შესაბამის ადექვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს.