რამაზ საყვარელიძე: პასუხისმგებლობის ანალოგიური გრძნობა წესით,  პროკურატურის, იუსტიციისა და შსს-ს მაღალი თანამდებობის პირებსაც  უნდა გაუჩნდეს

რამაზ საყვარელიძე: პასუხისმგებლობის ანალოგიური გრძნობა წესით, პროკურატურის, იუსტიციისა და შსს-ს მაღალი თანამდებობის პირებსაც უნდა გაუჩნდეს

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე უკვე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას გადაწყვეტილების შეფასებისას, რომლის თანახმადაც,  მან პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გადადგომის მოთხოვნით მიმართა,  აცხადებს, რომ პასუხისმგებლობის ანალოგიური გრძნობა წესით,  პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, სხვა მაღალი თანამდებობის პირებს უნდა გაუჩნდეს.

საყვარელიძე მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობის უფრო დიდი არეალი უნდა არსებობდეს და იმედს გამოთქვამს, რომ საქმე აქამდეც მივა.

„სამწუხაროდ,  ამ დღეებში ბევრი სამწუხარო რამ ხდება, ამ კადრების საშუალებით,  გაჩენილი პრობლემა  ყოველი  შემთხვევისთვის,  ხელისუფლების აღქმაში, მხოლოდ  სასჯელაღსრულების დეპარტამენტს მიება და ახალაიამაც თავის გადაწყვეტილების  მოტივად სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მუშაობა დაასახელა. ამდენად,  გრძნობს პასუხიმგებლობას. მიმაჩნია, რომ  წესით, ანალოგიური პასუხიმგებლობის  გრძნობა უნდა გაუჩნდეს  პროკურატურას,  რომელმაც წლების განმავლობაში  ამ სიგნალებზე თვალები დახუჭა.  პასუხისმგებლობის გრძნობა  უნდა გაუჩნდეს, იუსტიციის სამინისტროს და უპირველეს  ყოვლისა,  შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალი თანამდებობის პირებს,  რომლის სისტემაშიც  ერთის მხრივ,  ბევრი ანალოგიური ფაქტი ხდება და მეორეს მხრივ,  როგორც საგამოძიებო ორგანოს,  ამ მოვლენების გამოძიების ფუნქციაც ჰქონდა“, - განაცხადა საყვარელიძემ.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად გაართმევს დაკისრებულ მოვალეობას თავს  შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნული ეკატერინე ზღულაძე,  საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ზღულაძეს გაუჭირდება ვიღაცის დამფარავის როლში არ აღმოჩნდეს.

 „მეეჭვება ის,  დანაშაულის დამფარავი არ აღმოჩნდეს.  იმიტომ რომ,  წესით,  დანაშაულების საქმის კურსში,  როგორც მოადგილე უნდა ყოფილიყო. ამ დანაშაულს აქამდე,  თუ  ფარავდა  სავარაუდოდ,  მომავალშიც დაფარავს“, - განაცხადა საყვარელიძემ.