პროკურატურა ვლადიმერ ბედუკაძის ოჯახის წევრებზე ზეწოლას უარყოფს

პროკურატურა ვლადიმერ ბედუკაძის ოჯახის წევრებზე ზეწოლას უარყოფს

საქართველოს პროკურატურა ვლადიმერ ბედუკაძის ოჯახის წევრებზე ზეწოლასთან დაკავშირებით გავრცელეულ ინფორმაციას არ ადასტურებს. ამის შესახებ პრკურატურამ განცხადება გაავრცელა.

განცხადების თანახმად, ბედუკაძის ოჯახის წევრები საკუთარ სახლში იმყოფებიან და მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ვლადიმერ ბედუკაძის ოჯახის წევრებზე არც ერთი სამართალდამცველი ორგანოს მიერ ზეწოლა არანაირი ფორმით არ ხორციელდება. დღეს მედია საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს #8-ე საპყრობილის მორიგე ინსპექტორის, ვლადიმერ ბედუკაძის ოჯახის წევრებზე ხორციელდებოდა ზეწოლა. ბედუკაძის ოჯახის წევრები საკუთარ სახლში იმყოფებიან და მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ. მე-8 საპყრობილის მორიგე ინსპექტორმა ვლადიმერ ბედუკაძემ პატიმართა წამებისა და ღირსების შელახვის კადრები გაავრცელა. იგი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იძებნება და დაუსწრებლად აქვს ბრალი წაყენებული",-აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვლადიმერ ბედუკაძის ოჯახის წევრებზე ზეწოლა ხორციელდება, „ობიექტივის" ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმა გაავრცელა.

მისი თქმით, ბედუკაძის მეუღლეს, რომელიც ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად საქართველოში დარჩა, აიძულებენ თქვას, რომ ვლადიმერ ბედუკაძე "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობს.