„ღია დემოკრატიის კომიტეტი“   ცესკოს გადაწყვეტილებას მიესალმება

„ღია დემოკრატიის კომიტეტი“ ცესკოს გადაწყვეტილებას მიესალმება

არასამთავრობო ორგანიზაცია  „ღია დემოკრატიის კომიტეტი“  ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას მიესალმება. აღნიშნულის შესახებ, არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს. ორაგიზაციის ცნობით,  საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ამომრჩეველთა სასარგებლოდ, ცესკომ საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი ოფიციალური საბუთის წარდგენასთან დაკავშირებით მოთხოვნები გააუქმა.

„ღია დემოკრატიის კომიტეტის“  აღმასრულებელი დირექტორის ბრაიან მეფორდის თქმით, ცესკო-ს მიერ აღნიშნული მოთხოვნის გაუქმება სასიხარულო ფაქტია.

„მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას, ასევე, იმედით ველოდებით მომდევნო პოზიტიურ ნაბიჯებსაც. საქართველო აქტიურად იბრძოდა იმ დემოკრატიული წინსვლისთვის, რასაც მან მიაღწია და ეს პროცესი, გულწრფელად გეტყვით, არასდროს მთავრდება“, - განაცხადა მეფორდმა და აღნიშნა, რომ გარდა ამისა,  კიდევ რამდენიმე სხვა დადებითი ნაბიჯის გადადგმა კიდევ უფრო დაეხმარებოდა საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი ხმის უფლების გამოყენებაში.

მისი თქმით, წინა არჩევნები კვირა დღეს ტარდებოდა ხოლმე, რათა მინიმუმამდე დაეყვანათ ამომრჩევლების პრობლემები სამუშაო ან სასწავლო პროცესთან დაკავშირებით.

„მოხარული ვიქნებოდით, თუ ორშაბათის გარდა, ხმის მიცემა შესაძლებელი გახდებოდა დამატებით შაბათს და კვირას, არჩევნების წინა დღეებში. მსგავსი დაშვებები ჩვეულებრივ ხშირად ხდება დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში და იგი ანალოგიურად ფასეული მტკიცებულება იქნებოდა საქართველოს დემოკრატიისადმი ერთგულებისა“, -  განაცხადა ბრაიან მეფორდმა.

მეფორდმა საჯაროობისა და ადმინისტრაციული რესურსების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

როგორც მან აღნიშნა, ქართველებმა უნდა იცოდნენ საკუთარი საარჩევნო უფლებების შესახებ საზღვარგარეთ ყოფნისას და განსაკუთრებით კი, ინფორმირებული უნდა იყვნენ ნებისმიერი ცვლილებების შესახებ.

„ჩვენმა გუნდმა დაურეკა საქართველო ხუთს სხვადასხვა საელჩოს ევროპაში და მხოლოდ ორს, საბერძნეთის და ბელგიის საელჩოებს აღმოაჩნდათ ხელმისაწვდომი ინფორმაცია. რამდენიმემ საერთოდ არ უპასუხა ტელეფონს, მიუხედავად განმეორებითი ზარებისა. ამ საელჩოებს შესაძლოა, დასჭირდეთ დამატებითი პერსონალი ამომრჩეველთა ზარებზე პასუხისა და საარჩევნო პუნქტებზე ადმინისტრირების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე, დამატებითი პერსონალია საჭირო ამ საკითხების საჯაროდ გამოქვეყნებისთვის“, - განაცხადა  მეფორდმა და დასძინა, რომ ამ ყველაფერს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.