დღეს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია და

დღეს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია და "საზაფხულო სკოლა" გაიხსნება

დღეს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია და "საზაფხულო სკოლა" გაიხსნება. ღონისძიება სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება. კონფერენციის თემა საზოგადოებრივი მომსახურების გაუმჯობესება და კოლექტიური მოლაპარაკებების საშუალებით ამ სექტორში დასაქმებულთა უფლებების მხარდაჭერა იქნება.

კონფერენციისა და „საზაფხულო სკოლის" მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც საქართველოს, ასევე აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის მონაწილე და შუა აზიის ქვეყნების წარმომადგენლები (აზერბაიჯანი, ავსტრია, ბელორუსი, ინგლისი, ლატვია, მოლდოვა, ნორვეგია, რუსეთი, სომხეთი, ჩეხეთი, ტაჯიკეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ყირგიზეთი).

პროფკავშირების გაერთიანების ცნობით,  ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, სახელმწიფო მინისტრი დასაქმების საკითხებში პაატა ტრაპაიძე, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, ქალაქ თბილისის მერი გიგი უგულავა, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები, სამხარეო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები და მათი წარმომადგენლები, სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები და დამსაქმებელთა წარმომადგენლები. 

გარდა ამისა, გამომსვლელთა შორის იქნებიან გრინვიჩის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის, საზოგადოებრივი მომსახურების საერთაშორისო კვლევის განყოფილების წარმომადგენელი დევიდ ჰოლი, საზოგადოებრივი მომსახურების პროფკავშირების ევროპული ფედერაციის (EPSU) ევროპული სოციალური დიალოგის ექსპერტი რიჩარდ პონდი და მომსახურების საერთაშორისო ინტერნაციონალის (PSI) ექსპერტები კოლექტიური მოლაპარაკებების საკითხებში.

კონფერენციის მთავარი თემები იქნება ევროპის ქალაქების: პარიზის, მიუნხენის და ლონდონის გამოცდილება, საზოგადოებრივი სერვისების (წყალი, სანიტარიატი, ელექტრომომარაგება, საქალაქო ტრანსპორტი და სხვა) რემუნიციპალიზაცია საბაზროდან - სახელმწიფო მართვაში დასაბრუნებლად.

„საზაფხულო სკოლის" თემები იქნება: ხარისხიანი საზოგადოებრივი მომსახურება ევროპაში, ევროპის სოციალური დიალოგი, კოლექტიური მოლაპარაკებები და პროფკავშირების უფლებები ევროკავშირსა და მის მეზობლად.

„საქართველოში ამ ტიპის ღონისძიების ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანაში საზოგადოებრივი მომსახურებისა და პროფკავშირების განმტკიცება მეტად აქტუალურია. მათი აზრით, თუ საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებას აპირებს, აუცილებელია ხარისხიან საზოგადოებრივ მომსახურებასა და სოციალურ დიალოგთან დაკავშირებული საკითხები, ურთიერთობათა გაუმჯობესების გზების შესახებ მსჯელობის პროცესში იყოს განხილული“, - EPSU-ს განცხადებაში.