„ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსთვის

„ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსთვის" ცესკოს საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით წერილს უგზავნიან

საერთაშორისო არასამთავრობო კოალიცია „ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსთვის" ცესკოს წერილი გაუგზავნეს, სადაც ქართველი ემიგრანტები მათი კომპაქტური განსახლების ადგილებში საარჩევნო უბნების გახსნას ითხოვენ. 

წერილში ნათქვამია, რომ აღნიშნული მოთხოვნით ემიგრანტებმა სხვადასხვა სახელმწიფოში განთავსებულ საქართველოს საკონსულოებში კოლექტიური განცხადებები შეიტანეს.

ორგანიზაციის განმარტებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელზე მომზადებულ კოლექტიურ განცხადებებში ქართველი ემიგრანტები საარჩევნო უბნების გახსნას შემდეგ ქალაქებში მოითხოვდნენ: მიუნხენი, ბარსელონა, ტორონტო, სალერნო, ნიუ-იორკი, ფლორენცია, მილანი, ეგალია, ხანია, ბარი, ლიონი, რენე, სტრასბურგი, ფილადელფია, კალითეა, პაფოსი და ორლეანი.

„საარჩევნო პერიოდში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გართულებულმა საკონსულო აღრიცხვის პროცედურებმა და სამუშაო დღეს (ორშაბათს) დანიშნულმა კენჭისყრის თარიღმა, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დიდი უკმაყოფილება და აღშფოთება გამოიწვია, რასაც მათი მხრიდან სხვადასხვა სახელმწიფოებში საპროტესტო აქციების ჩატარება მოჰყვა. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების მხრიდან არანაირი რეაგირება მათ პროტესტს არ მოჰყოლია", - ნათქვამია წერილში.

ამასთან, ორგანიზაცია გამოთქვამს მზადყოფნას, რომ ქართველი ემიგრანტების მოთხოვნილი საარჩევნო უბნების გახსნის შემთხვევაში, მათი გამართულად ფუნქციონირების მიზნით, გაერთიანებაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო ოფისები დათმოს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შეარჩიოს და თავისი ხარჯებით ადგილზე დაიქირავოს საჭირო ფართები საარჩევნო კოდექსით დადგენილი კენჭისყრის შენობის მოწყობის ერთიანი სტანდარტის შესაბამისად.