ირაკლი ალასანია სოფელ ჯიხაშკარის მოსახლეობას შეხვდა

ირაკლი ალასანია სოფელ ჯიხაშკარის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, ირაკლი ალასანია სოფელ ჯიხაშკარის მოსახლეობას შეხვდა და მათ კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.

როგორც შეხვედრაზე მაჟორიტარობის კანდიდატმა განაცხადა, არჩევნებში „ქართული ოცნების" გამარჯვების შემთხვევაში, ცხოვრება თითოეული ოჯახისთვის უფრო გაუმჯობესებული და ბედნიერი იქნება.

„ამისათვის ჩვენ ზუგდიდის ეკონომიკაში 100 მილიონ ლარს ვდებთ, რაც თითოეულ სოფელს საშუალებას მისცემს თავისი მექანიზაცია ჰქონდეს. თითოეულ მოქალაქეს მივცემთ საშუალებას თავისი შრომით ირჩინოს საკუთარი თავი“, - განაცხადა მან.

ალასანია ადგილობრივებს გზის მოწესრიგებასაც დაჰპირდა. გარდა ამისა, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა განაცხადა, რომ დროა ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების დაყოფა დასრულდეს.

„ყველა სოფელს და მათ შორის ჯიხაშკარს ექნება სკოლა, საბავშვო ბაღი, სამედიცინო პუნქტი, მოწესრიგებული შიდა გზები. ჩვენ უნდა დავამთავროთ საზოგადოების, ქვეყნის დაყოფა ჩვენიანებად და სხვისიანებად. ყველანი საქართველოს შვილები ვართ, ამიტომ ერთ მუშტად უნდა შევიკრათ და საქართველოს გაერთიანება, ამ სოფლიდან, სამეგრელოდან უნდა დავიწყოთ"- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.