ფანჯიკიძე: თელავში აქციის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დააკავეს

ფანჯიკიძე: თელავში აქციის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დააკავეს

პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, თელავში „ქართული ოცნების“ აქციის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ხიზირ ქუშანაშვილი, ანგელ ბორჩაშვილი და ხიზირ გაურგაშვილი დააკავეს.

ფანჯიკიძის თქმით, დაკავებულები პანიკისის ხეობიდან არიან და მათი დაკავება სწორედ ხეობაში დაბრუნებისას მოხდა.

„20-მდე ახალგაზრდა თავს დაესხა ჩვენს მხარდამჭერებს და სცემეს. მათ სხეულის დაზიანებები მიიღეს, რის გამოც ისინი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმე წუთში საავადმყოფოში პოლიციელები მივიდნენ და ისინი სამმართველოში გადაიყვანეს“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.

მისი თქმით, შსს-ს თელავის რაიონულ სამმართველოში არ გააკეთეს კომენტარი. რა მუხლით არის საქმე აღძრული და პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტები რა ბრალდებით არიან დაკავებულები.

ფანჯიკიძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების დაკავების ფაქტს ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ მორიგ ზეწოლად აფასებს და მას აღმაშფოთებელს უწოდებს.

„როგორც ჩანს, „ნაცმოძრაობა“ ისევ განაგრძობს ქვების სროლის პოლიტიკას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.

კოალიციის პრესსპიკერის თქმით, ეს ფაქტი გაიგზავნა უწყებათაშორის კომისიაში და მათგან პასუხს ელოდებიან.