მამუკა არეშიძემ ნორიოს, ვაზიანის და მარტყოფის მოსახლეობას „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გააცნო

მამუკა არეშიძემ ნორიოს, ვაზიანის და მარტყოფის მოსახლეობას „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გააცნო

საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მამუკა არეშიძე 9 სექტემბერს გარდაბნის რაიონის სამი სოფლის - ნორიოს, ვაზიანისა და მარტყოფის მოსახლეობას შეხვდა.

„- დღემდე არ გვახსოვს მსგავსი ტერორი პოლიციის მხრიდან: ისინი სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ მათ დასჯას, ვინც გაბედავს და „ქართულ ოცნებას“ ღიად დაუჭერს მხარს. არადა, გასული 9 წლის განმავლობაში არ გვღირსებია ნორმალური არჩევნები და უამრავ პრობლემათა გადაჭრის მცდელობა კი. წელს კი გვეძლევა შანსი, რომ ახალი საარჩევნო ბლოკისა და მამუკა არეშიძის დახმარებით მრავალი სასიკეთო ცვლილება განვახორციელოთ,“- ხაზგასმით აღნიშნავდნენ შეხვედრაზე სამივე სოფლის მაცხოვრებლები.

უმუშევრობა, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, გაუსაძლისი უწყლობა, ხელისუფლების მიერ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების დამალვა და ფარულად გაყიდვა, მაღალი გადასახადები, მოუწესრიგებელი ნაგავსაყრელები და სანიაღვრე არხები - ეს იმ პრობლემათა არასრული ჩამონათვალია, რაც სოფლებში დღემდე მოუგვარებელი რჩება.

მამუკა არეშიძის განცხადებით, საარჩევნო ბლოკის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება საწყის ეტაპზე 1 მილიარდი ლარით დააფინანსოს. ამას გარდა, 320 მილიონი ლარი მოხმარდება გარდაბნის რაიონში წყლით მომარაგების სისტემის აღდგენას.

„- ამას გარდა, თითოეულ თქვენგანს შეეძლება ისარგებლოს უფასო სამედიცინო დაზღვევით, უფასო მექანიზაციით მომავალი 3 წლის განმავლობაში, შეღავათიანი კრედიტებით. ყველა პირობა შეიქმნება, რათა არავინ დარჩეს დაუსაქმებელი. თქვენი რჩევების გათვალისწინებით, ჩვენ შევქმნით საწარმოებს და ისეთ ბიზნეს-გარემოს, რომ მომავალში მაინც აღარ გვქონდეს საზღვარგარეთ წასვლის აუცილებლობა, სიღატაკისგან თავის დასაღწევად და საკუთარ ქვეყანაში ღირსეულად ვიცხოვროთ,“- აღნიშნა მამუკა არეშიძემ.