საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჩამოვიდა

საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჩამოვიდა

საქართველოს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტომას მელიას ხელმძღვანელობით, უწყებათშორისი დელეგაცია ეწვევა. აშშ-ს საელჩოს ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, თავდაცვისა და იუსტიციის დეპარტამენტების წარმომადგენლები.

მათივე განმარტებით, აშშ-ის უწყებათშორისი დელეგაცია საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს შეაფასებს.

„დელეგაციის საქართველოში სტუმრობა ხაზს უსვამს დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მნიშვნელობას, რის შედეგადაც ქართველმა ხალხმა მისი ნების გამომხატველი პარლამენტი უნდა აირჩიოს. დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და შრომის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტომას მელია და დელეგაციის წევრები გამართავენ მთელ რიგ შეხვედრებს, რომლის დროსაც დელეგაცია სთხოვს საქართველოს მთავრობას, აღასრულოს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ნორმები სამართლიანად, მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ; აგრეთვე სთხოვს პოლიტიკურ პარტიებს, აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში და დაიცვან კანონი", - აცხადებენ აშშ-ის საელჩოში. 

ცნობილია, რომ სახელმწიფო მდივნის მოადგილე ქართული პოლიტიკური  პარტიებიდან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ შეხვდება. შეხვედრები აღნიშნული პარტიების ცენტრალურ ოფისებში გაიმართება.