ბიძინა ივანიშვილი: მხოლოდ ერთად დგომით მოვიგებთ ამ ბრძოლას!

ბიძინა ივანიშვილი: მხოლოდ ერთად დგომით მოვიგებთ ამ ბრძოლას!

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, დღეს, თელავში გამართულ აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა, რომელსაც From.ge უცვლელად გთავაზობთ:

მოგესალმებით ყველას!

მოგესალმებით, ჩემო კახელებო!

მოგესალმებით მამცო და ღირსეულო ადამიანებო!

მინდა მივესალმო თელავს, გურჯაანს, ახმეტას, ყვარელს, სიღნაღს, ლაგოდეხს, საგარეჯოს,

დედოფლისწყაროს! მივესალმები აქ მცხოვრებ თუშებსა და ხევსურებს, ზეზვა გაფრინდაულისა და ნადირა ხოშარაულის ღირსეულ მემკვიდრეებს;

მივესალმები პანკისელ ქისტებს, მრავალჭირგამოვლილ, ამაყ ხალხს;

მივესალმები ჩვენს აზერბაიჯანელ ძმებს, ყარაჯალელებს, იორმუღანლოელებს, კაბალელებს, მეფე ერეკლეს ერთგულ მეომართა შთამომავლებს;

მივესალმები ჩვენს სომხებს, გამრჯე და მეურნე ხალხს, საქართველოს პატრიოტებს.

დღეს აქ, პატარა კახის სატახტო ქალაქში, განსაკუთრებული სიმძაფრით ვგრძნობთ კახელი კაცის გაუტეხელ ძალასა და სულიერ სიმტკიცეს, რომელმაც არა ერთხელ იხსნა ქართლ‐კახეთიცა და მთელი საქართველოც სრული ფიზიკური და სულიერი განადგურებისაგან.

სწორედ კახელ კაცს, ბახტრიონის გმირს, საქართველოს უმამაცეს მხედარს, ბიძინა ჩოლოყაშვილს ეკუთვნის შთამომავლობისათვის ანდერძად დანატოვარი სიტყვები:

„...ძმებო, ნუ შევშინდებით, რამეთუ სიკვდილი უნებლიეთ დაბადებიდანვე თან გვახლავს... და რაკი უნდა მოვკვდეთ, ბარემ მოვკვდეთ ქრისტესთვის და საქართველოსთვის“. დაუსრულებელ, უთანასწორო ბრძოლებში ქართლ-კახეთის მეფეებს მხარში ედგა ხმალამოღებული მოსახლეობა, განურჩევლად წოდებისა და გვარიშვილობისა.

ეს იმიტომ, რომ ხალხი ხედავდა მეთაურების საარაკო სიმამაცეს, თავდადებასა და უნარს, უარი ეთქვათ პირად კეთილდღეობაზე სამშობლოს სასიკეთოდ.

სამარცხვინოა, როდესაც ახლა ხალხის ფულით გაზულუქებული და ფუფუნებაში მცხოვრები ხელისუფალი ეტოლება და ეპაექრება ჩვენს სახელოვან მეფეებს.

აქ, თელავში, შემორჩენილია მეფის სასახლე, სადაც დაიბადა და აღესრულა კიდეც სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული პატარა კახი.

ეს სასახლე, თავისი ზომითა და მოწყობით ბევრი დღევანდელი თანამდებობის პირის სათავსოსაც კი ვერ გაეჯიბრება.

ამიტომ ხომ არ განიზრახა განდიდების მანიით შეპყრობილმა ხელისუფლებამ პატარა კახის სასახლისათვის კიდევ ერთი სართულის მიმატება?

ისტორიის გადაწერა და დამახინჯება ხომ მათი ჩვეული საქმიანობაა. მაგრამ ასეთი საქმიანობა, ხალხისა და ქვეყნის წარსულის გადაკეთება, ყველა დამპყრობლის ნაცადი მეთოდია.

იმ მძიმე ჟამს, მე‐19 საუკუნეში, როდესაც რუსეთმა თითქმის მიაღწია ჩვენში ეროვნული თვითშეგნების მოშლასა და გადაგვარებას, ისევ კახეთიდან, ყვარლის მთებიდან გაისმა ილია ჭავჭავაძის მძლავრი ხმა: „ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავის საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს“. საუბედუროდ, დამოუკიდებლობის აღდგენის ოცი წლის თავზე, ჩვენ მიერვე არჩეული ხელისუფლების მიზეზით, ილიას ეს გაფრთხილება კვლავ განსაკუთრებით საყურადღებოა საქართველოში.

დღეს ყველამ კარგად იცის, რომ „მამული, ენა, სარწმუნოება“‐ილიასთვის იყო სამი მთავარი საუნჯე, რომელიც წინაპრებისგან გადმოგვეცა.

მაგრამ იშვიათად გვახსენდება მისი მოწინავე, ლიბერალური შეხედულებები ადამიანისა და სახელმწიფოს შესახებ.

ამ საკითხებზე მსჯელობისას ილია ამბობს: „ზოგან საქმე ისე წარიმართა, რომ სახელმწიფომ იმძლავრა და სრულიად დაიმორჩილა საზოგადოება საერთოდ და ადამიანი ცალკედ, ყველაფერი თითონ მოითალა და საზოგადოება და ადამიანი ცარიელზედ დასვა.“

ხომ არ გვეცნობა ეს ვითარება?

განა სირცხვილი არ არის, 21‐ე საუკუნის საქართველოში გვიხდებოდეს იმის მტკიცება, რომ ამქვეყნად მთავარი ღირებულება ადამიანია, ხოლო სახელმწიფო ‐ მისი პიროვნული თავისუფლებისა და კეთილდღეობის გარანტი.

ისევ ილიას დავესესხები: „ყოველი წყობილება, რომლის ძალითაც მოქმედებს მთელი კაცობრიობა, იმიტომ არის შემოღებული, რომ ადამიანი, რამდენადაც შეიძლება, ბედნიერი იყოს“.

ილიას ამ შეგონებას ჩვენ, „ქართული ოცნება“, რეალობად ვაქცევთ, გპირდებით!

ადამიანის ბედნიერება კი არა, ადამიანის სიცოცხლეც რომ არაფერია ამ ხელისუფლებისთვის, ყველამ ვნახეთ ამ დღეებში ლოპოტის ხეობის სოფელ ლაფანყურის მიდამოებში დატრიალებული ტრაგედიის დროს.

იქ ქართველი ჯარისკაცები დაიღუპნენ, იქ დაიღუპნენ საქართველოს მოქალაქე ქისტები და ჩრდილოკავკასიელები. ეს არ არის ქართული ოცნება, ასეთი არ შეიძლება ქართული ოცნება რომ იყოს.

გლოვა და მწუხარება მოუტანა ამ უბედურებამ ქართველ, და არა მარტო ქართველ, დედებს. ჩვენ არ ვიცით, რა მოხდა სინამდვილეში, და ამიტომ არ ვაპირებთ პოლიტიკურ შეფასებას.

ის, რაც ნამდვილად ვიცით, ის არის, რომ მომხდარს შეეწირნენ ადამიანები, ახალგაზრდები. ნუთუ არ შეიძლებოდა ამ ამბის მსხვერპლის გარეშე დამთავრება...

დანამდვილებით კიდევ ის ვიცით, რომ ჩვენი ხელისუფლება უტიფრად ტყუოდა ლოპოტის ხეობაში ოპერაციის დაწყების პირველივე დღიდან, ტყუოდა, როცა გვიმტკიცებდა, რომ იქ რუსეთიდან გადმოსულ შეიარაღებულ დივერსანტთა რაზმს ებრძოდა.

მაგრამ როგორც კი აღმოჩნდა, რომ ეს ჯგუფი რუსეთიდან არ იყო შემოსული, იმის მტკიცება დაგვიწყეს, რომ რაზმის არც ერთი წევრი საქართველოს მოქალაქე არ იყო. ჟურნალისტების წყალობით გავიგეთ, რომ დაღუპულთათვის პანკისის ხეობის სოფლებში საფლავები გაითხარა, ოჯახები კი დაღუპულ შვილებს გლოვობდნენ, გავიგეთ ისიც, რომ ხელისუფლება ცხედრებს არ აძლევდა ოჯახებს, ცხედრებით ევაჭრებოდა ქისტებს!

მე მინდა, რომ ჩვენმა ქისტმა თანამემამულეებმა, დაღუპულების ნათესავემა და ახლობლებმა აუცილებლად იცოდნენ, რომ ამ უბედურებას ჩვენ გამოუძიებელს არ დავტოვებთ!  ყველაფერს გავარკვევთ და გპირდებით ყველას, რომ დამნაშავე არ დარჩება დაუსჯელი!

ახლა კი, ერთად გავიხსენოთ ლოპოტის ხეობაში დაღუპული ჩვენი სამი ქართველი ჯარისკაცი, ისინიც, ვინც ამ ტრაგედიას შეეწირნენ და წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას.

ჩემო კახელებო!

დღეს კახეთი გაპარტახებულია და გავერანებული, ხალხი დამცირებულია და სასოწარკვეთილი.

ამ ხელისუფლებამ ისე გადათხარა ეს ქალაქი, რომ ძლივს მოხერხდა ჩვენი შეკრებისთვის ადგილის გამონახვა. ასეა გადათხრილი თითქმის მთელი საქართველო. როგორ შეიძლება, ხალხისა და ქვეყნის სასიკეთოდ შენების წინააღმდეგი იყოს ვინმე, მაგრამ, როცა ხედავ, როგორ ზიანდება თელავის ისტორიული იერსახე და განუმეორებელი კოლორიტი, როცა შენს თვალწინ იჭრება ასწლოვანი ხეები, ხეები, რომლებსაც სტიქიამაც ვერაფერი დააკლო, იჭრება, რომ მერე ერთმა კაცმა შეთითხნილი კედლების ფონი დეკორაციად გამოიყენოს, როცა იცი, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი, თვითმარქვია „არქიტექტორის“ ამპარტავნების ასპარეზად არის გადაქცეული, არ შეიძლება, არ მოგინდეს ამ კაცის შეჩერება!

მე ერთხელ გამოვთქვი ჩემი მოსაზრება ერთ‐ერთ ხიდთან დაკავშირებით.

ეს საკაშვილმა ხელზე დაიხვია და ბრალდებები მოაყოლა, რომ მე დამანგრეველი ვარ, თვითონ კი აღმშენებელი. წლების განმავლობაში იმაზე ვზრუნავდი, რომ ჩემი ქვეყნის აღმშენებლობაში მიმეღო მონაწილეობა. და ამაში არაფერია განსაკუთრებული, რადგან ამ ქვეყნის შვილი ვარ და ეს ჩემს მოვალეობად მიმაჩნდა და მიმიჩნია.

რაც მიკეთებია, ყველაფერი თავად მიიწერეს, ყველაფერი, და ახლა გამოღმა მედავებიან, დამანგრეველი ხარო.

როცა რამეს აკეთებ, რაც შეიძლება ჩუმად უნდა აკეთო, უხმაუროდ.

მადლი ქენი, ქვაზე დადე და გაიარეო, ნათქვამია.

ასე ვიცხოვრე აქამდე! მაგრამ ისიც ნათქვამია, და ისიც ბრძნულად: მადლი ქენი? ზედ მარილი მოაყარეო. ამიტომ გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა და პოლიტიკიდან ჩვენი უღირსი ხელისუფლების გასტუმრება. ერთს კი ნამდვილად ვეტყვი სააკაშვილს და ჩვენს ხალხს: მე და „ქართული ოცნება“ ნამდვილად დავანგრევთ უსამართლობას, შიშსა და განუკითხაობას, მე ამას გპირდებით!

ცოტაც გავუძლოთ, ცოტაც ავიტანოთ და 1‐ელ ოქტომბერს შემოვხაზოთ 41. ჩვენ გავიმარჯვებთ და ყველას ერთად აგვიხდება ჩვენი ქართული ოცნება. დღეს ჩვენ საქართველოს ერთ-ერთი სატახტო ქალაქის მიწაზე ვდაგვართ. აქ, თელავში, ჯერაც ტრიალებს დიდი ერეკლეს შეუდრეკელი სული.

აქ,  თელავში, „პატარა კახის“ გმირობითა და მამაცობით ნასაზრდოები, გამორჩეული კულტურისა და სამაგალითო ზნეობის ადამიანები ცხოვრობენ. კახეთი მრავალჟამიერისა და ჩაკრულოს სამშობლოა. ამით ქართველისთვის ყველაფერია ნათქვამი. თუმცა, მაინც დავამატებ:

ეს სიმღერები არა მარტო ქართული კულტურის ვმწვერვალებია, არამედ ჩვენი სამშობლოს გამაერთიანებელიცაა.

ჩაკრულო ყველასია, მთელი საქართველოსი! როგორც აღმოჩნდა, იგი ჩვენი პლანეტის ცივილიზაციის შედევრიცაა. როცა მე-20 საუკუნის 70‐იან წლებში კოსმოსში გასაშვებად დედამიწიდან სულ რამდენიმე ისეთი შედევრი შეარჩიეს, რითაც კაცობრიობას შეუძლია იამაყოს, მათ შორის ჩაკრულოც მოხვდა.

ამაზე მეტი რაღა გითხრათ, კახელებო!

შემთხვევითი არ არის, რომ კახელები იყვნენ ვანო სარაჯიშვილი და ჰამლეტ გონაშვილი ‐ საქართველოს ეს ორი საოცარი ხმა.

კახეთიდან იყვნენ სანდრო ახმეტელი, კოტე მარჯანიშვილი და ელენე ახვლედიანი.

ფიროსმანს აღარ იკითხავთ, ხალხო, ფიროსმანს, ვისიც გენიალურ პიკასოსაც კი შეშურდა, ნიკალაც კახელი იყო...

ეს ჩვენი თელავი იყო საქართველოს ერთ-ერთი დიდი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა.

მეფე ერეკლეს ოჯახში დამკვიდრებულ ლიტერატურულ ტრადიციებზე აღიზარდა ქართველ ბატონიშვილთა მთელი თაობა. და დღეს სააკაშვილმა გადაწყვიტა ამ ხალხის დაშინება, ამ ვაჟკაცი ხალხის დაჩოქება.

სააკაშვილს ისიც ჰგონია, რომ თუ მოწყალებას გაიღებს, ხალხი თავს წაუხრის და გაუჩუმდება. თქვენ, ამ დიდი სულიერი მემკვიდრეობის მატარებელ ადამიანებს, უშიშარ, დინჯ და ვაჟკაც ხალხს ვერავინ მოგერევათ!

ვერავინ დაგაჩოქებთ!

და, რამდენიც უნდა ეცადოს, ვერავინ შეგაშინებთ!

რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, სააკაშვილის რიტორიკა სულ უფრო უხამსი და თავაშვებული ხდება.

ქვეყნის მეთაურები თავის ხალხს ასე არ მიმართავენ. რუსეთის აგენტებს და კრიმინალებს გვიწოდებს ყველას და ყოველდღიურად, სხვადასხვა ტრიბუნიდან მიმართავს თავისიანებს,  რომ მეორე მხარეს, ანუ „ქართულ ოცნებაში“, საქართველოს მტრები და გამყიდველები არიან გაერთიანებული, და რომ მათ აუცილებლად გასცემს საკადრის პასუხს.

ქვეყნის პრეზიდენტი თავის ხალხს განადგურებით არ ემუქრება, კრიმინალს და მტერს არ უწოდებს, ეს არ ხდება არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში.

ეს უნდა დამთავრდეს!

თავისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, სააკაშვილი ცდილობს, ორად გაჰყოს ხალხი და სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაჰკიდოს ერთმანეთს. ამგვარი საშინელი დაპირისპირების უმწარესი გაკვეთილი ოცი წლის წინ მიიღო ჩვენმა ხალხმა, რომელიც, მჯერა, იმდენად დაბრძენებულია, რომ უკვე მსგავსი აღარაფერი მოხდება.

ყველამ თვალნათლივ დაინახა, რომ არც ერთი ხელისუფლება და პოლიტიკური ლიდერი არ ღირს იმად, რომ მისმა მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთი სასიკვდილოდ გაიმეტონ. ამიტომ სააკაშვილი, რამდენსაც უნდა ეცადოს, ვერ გახლეჩს ჩვენს ხალხს.

ხალხო, მისი ასეთი განზრახვა ქვეყნის ნამდვილი მტრობაა, დანაშაულია, რომელიც, არა მგონია, რომელიმე გონიერმა და ღირსების მქონე ხალხმა უპასუხოდ დატოვოს. ამიტომ ვაფრთხილებ ხოლმე პრეზიდენტს და მისი დავალებების შემსრულებლებს -სინდისი თუ დაკარგეთ, კანონის მაინც გეშინოდეთ!

ხალხო! კახელმა კაცმა გაუთავებელი ომების ქარცეცხლში გამოატარა თავისი მთავარი განძი და ფასეულობა -ქართული ვაზი და ცივილიზაციას შემოუნახა საუცხოო ღვინის დაყენების უნიკალური, ათასწლოვანი ტექნოლოგია.

ტრადიციული კახური წესით ქვევრში დაყენებული ღვინო ანცვიფრებს მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებს და სულ უფრო პოპულარული ხდება ღვინის მოყვარულთა შორის.

ერთი მადლიანი კაცის თელავური იუმორით ნათქვამს გავიმეორებ: „ვენაცვალე ღვინოსა, მაგან გადაგვატანინა შაჰ‐აბასი და კოლექტივიზაციაო“...

ვენახი და ქვევრ‐მარანი ქართველისათვის ისეთივე საკრალური და წმინდა ადგილია, როგორც ეკლესია.

ეს არის ჩვენი ფესვები და სულიერი სიმტკიცის წყარო. სწორედ ამ შეგნებით უვლის და იცავს კახელი გლეხი ვაზს. დიახ, იცავს, რადგან, ამ ბოლო დროს მას ხშირად უჩიჩინებენ, რომ ვენახი არარენტაბელურია, წამგებიანია, რომ ახალ ცხოვრებას უნდა აუღოს ალღო  შრომელმა კაცმა და ერთწლიანი კულტურების მოყვანაზე გადავიდეს, რომელსაც, თითქოს, მეტი შემოსავლის მოტანა შეუძლია.

შემზარავი იყო, როცა ამ რამდენიმე წლის წინ მთელმა საქართველომ ნახა ნაჯახმომარჯვებული, გამწარებული კახელი გლეხი, თავისი ხელით რომ ჩეხდა შვილივით ნაზარდ ვაზს.

ამაზე მწარე რა უნდა დაგვემართოს!                                                                                                                              

რა თქმა უნდა, გლეხი თავის მიწაზე რას მოიყვანს, ამაში სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს, ვერავინ ვერ უნდა უბრძანოს, რა დათესოს და რა მოიყვანოს. მაგრამ, რადგან ვაზი და ღვინო ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა, ამიტომ სახელმწიფო, თავის მხრივ, უნდა ზრუნავდეს მევენახეობაზე და ხელს უნდა უწყობდეს მის გადარჩენასა და განვითარებას.

დღეს კახელ გლეხს შრომა არ უფასდება. ტრადიციული ბაზრების მოშლამ დიდი პრობლემების წინაშე დააყენა მეღვინეობა. გლეხს ვაზის მოვლა უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე ყურძნის ჩაბარებაში იღებს. 2003 წლის შემდეგ სახელმწიფოს მეღვინეობა‐მევენახეობის დარგში არც ერთი თეთრი არ ჩაუდია.

ეს ხელისუფლება ყოველი რთველის წინ გლეხს ყურძნის ფასს წყალობასავით უხდის და ამადლის.

ამათ რთველი და გლეხი კაცი მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ, ამიტომაც იბარებენ წელს ყურძენს ერთ ლარად. ასე ცდილობენ ხალხის გულის მოგებას და ხმების ყიდვას!

ცოტაც გაუძელით, ხალხო, ერთი თვეც აღარ დარჩა არჩევნებამდე, და გპირდებით, რომ მომავალი რთველი სხვანაირი იქნება.

სხვანაირი იქნება იმიტომ, რომ ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული და დაგეგმილი ყველაფერი.

ჩვენ მევენახეობისა და მეღვინეობის დარგის განვითარებაზე ვიზრუნებთ და რთველიც ამ ზრუნვის ნაწილი იქნება.  ჩვენი გეგმის მიხედვით ვენახები უნდა გაშენდეს თანამედროვე  ექნოლოგიური სქემებით, უნდა მოვიყვანოთ მაღალხარისხიანი ყურძენი. გლეხის მოსავალი დაზღვეული იქნება რისკებისაგან. აუცილებლად შევქმნით სეტყვასაწინააღმდეგო თანამედროვე, ადამიანის ჯანმრთელობისა და ბუნებისთვის უვნებელ სისტემას.

კახელი გლეხი მარტო მევენახე არ უნდა იყოს, ის უნდა გახდეს ღვინის მწარმოებელიც, რათა მეტი შემოსავალი მიიღოს.

ყველა სოფელს თავისი „სოფლის ღვინის მარანი“ უნდა ჰქონდეს, რომელის შექმნაშიც  სახელმწიფოც მიიღებს მონაწილეობას. ამ ბოლო წლების განმავლობაში ევროპასა და ამერიკაში გემო გაუგეს ქვევრის ღვინოს და მას ქარხნული წარმოების ღვინოზე მეტადაც აფასებენ.

ჩვენ ვისარგებლებთ ამით და საკადრის ადგილს დავუმკვიდრებთ ქართულ ღვინოს მსოფლიოს საუკეთესო ღვინოების გვერდით.

ჩვენ საქართველოს დავუბრუნებთ მეღვინეობის სამშობლოს სახელს, ახლებურად წარმოვაჩენთ და კუთვნილ ადგილს მივუჩენთ ქართულ ღვინოს.

მე გპირდებით, რომ თელავი გახდება ის ქალაქი, სადაც თავს მოვუყრით ვაზისა და ღვინის კულტურის სამეცნიერო გამოცდილებას, შეიქმნება და განვითარდება საჭირო ინფრასტრუქტურა და ეს ათასობით სამუშაო ადგილს შექმნის.

კახეთი საქართველოს ბეღელი იყო ‐ პურ‐ღვინო ჩვენს ქვეყანას ყოველთვის მიწა‐ წყალივით თავისი ჰქონდა. ქვეყანა დაპურებული იყო-ხორბალიც ჩვენი გვქონდა და ყურძენიც.

ახლა ხორბალს უცხოეთიდან ვეზიდებით, რადგან ჩვენს საკუთარ, უნიკალური ჯიშის ხორბალზე უარი ვთქვით და მასზე აღარ ვზრუნავთ. ჩვენ ამასაც მივხედავთ!

თელავში, ლაგოდეხში, სიღნაღსა და სხვა რაიონებში ადვილად შეიძლება განვითარდეს ეთერზეთების წარმოება, აბრეშუმის ჭიის მეურნეობა, სამკურნალო მცენარეების, მიწის თხილისა და სხვათა მოშენება და მომგებიან მეურნეობად გადაქცევა.

ჩვენ იმაზე ვიზრუნებთ, რომ ეს ყველაფერი კონკრეტულ პროექტებად და რეალურ ბიზნესად ჩამოყალიბდეს.

სოფლის ფეხზე დასაყენებლად ჩვენ გადავწყვიტეთ 1-მილიარდიანი ფონდის შექმნა. სოფელი რომ წელში გაიმართება, ამით კაცსაც ეშველება და ქვეყანასაც.

მე მჯერა ამის და ამიტომ ყველაზე საშურ საქმედ ეს მიმაჩნია. ჩვენ ყველა გლეხს მივცემთ იმის საშუალებას, რომ ტრაქტორი და სხვა საჭირო ტექნიკა გამოიყენოს. ტრაქტორი გზის  პირას კი არ უნდა იდგეს, რომ მტერს თვალი დაუყენოს, არამედ მინდორში უნდა მუშაობდეს მოყვრის გულის გასახარებლად.

ამ მადლიან კუთხეში არც ერთი გოჯი მიწა არ დარჩება დაუმუშავებელი. გლეხკაცის შრომას ფასი დაედება. მას ექნება შხამ-ქიმიკატებით, ბიოსასუქებით, სარწყავი სისტემებით სარგებლობის საშუალება.

გლეხებს იაფი და გრძელვადიანი კრედიტის აღება შეეძლებათ.

თქვენ მიერ მოყვანილი ჭირნახული ღირსეულად ცხოვრების საშუალებას მოგცემთ. მოწეული მოსავალი გაუსაღებელი აღარ დარჩება. კახეთისთვის რკინიგზის რეაბილიტაცია  ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა.

ჩვენ ამ საქმესაც მივხედავთ და კახეთს ნორმალური ცხოვრების საშუალებას დავუბრუნებთ. ჩვენ შევქმნით ისეთ სამეწარმეო გარემოს, რომ ნიჭიერი, გამრჯე კაცისათვის წარმატებული  ბიზნესის გაძღოლა ჩვეულებრივი საქმე იქნება და უამრავი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ადამიანები რეალურად დასაქმედებიან!

ჩვენ გვჯერა, რომ სოფლის მეურნეობის აღორძინების სიკეთე შეეხება თითოეულ ადამიანს,  თითოეულ ოჯახს. ამას იგრძნობთ თქვენც -კახელები და თქვენს წვლილს შეიტანთ ქართული სოფლის აღორძინების საქმეში.

მე მთელ საქართველოს დავპირდი ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსებასა და საუნივერსიტეტო ქალაქის აშენებას.

მე ამით დაინტერესებული ვიყავი პოლიტიკაში მოსვლამდეც და არაერთი პროექტი მქონდა მომზადებული, რადგან მიმაჩნია, რომ ქვეყნის მომავალი განათლებაშია, ახალი ტექნოლოგიების ათვისებაშია. ყველა გამოსვლაში გპირდებით სოფლის მეურნეობის განვითარებას და აქაც ახალი ტექნოლოგიების დანერგვას.

მიუხედავად იმისა, რომ დატვირთული საარჩევნო რეჟიმი მაქვს, მე დავიწყე ამ დაპირების შესრულება.

სპეციალურად შევარჩიე სასოფლო-სამეურნეო გამოცდილებით და პროგრესული მიღწევებით ცნობილი ინდიანას შტატი და ველაპარაკე მის გუბერნატორს ‐ მიჩ დანიელს.

ამ შტატშია ერთ‐ერთი უდიდესი უნივერსიტეტი. მას 13 ნობელიანტი კურსდამთავრებული ჰყავს.

ამ უნივერსიტეტს ძალიან საინტერესო მიღწვები აქვს საინჟინრო სპეციალობისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც.

გუბერნატორთან შეთანხმებით მე ინდიანაში გავაგზავნე ჯგუფი ამერიკელების გამოცდილების გაცნობისა და თანამშრომლობისათვის.

ჩვენმა ჯგუფმა მიაღწია შედგეს. სხვასთან ერთად, ინდიანას უნივერსიტეტი ჩვენ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ჩამოყალიბებაშიც მოგვეშველება.

საქმე იქამდეა უკვე მისული, რომ 12‐14 სექტემბერს საქართველოში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ინდიანას ორი უდიდესი უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

კონფერენციაზე განიხილავენ ჩვენი ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებს. დისკუსიები გაიმართება და მოხსენებები მიეძღვნება საუნივერსიტეტო და პროფესიულ სწავლებას; თანამედროვე აგროტექნიკითა და ახალი სანერგე და სათესლე მასალებით ჩვენი ქვეყნის მომარაგებას და სხვა თემებს.

აქამდე რა ტექნიკაც შემოდიოდა ჩვენს ქვეყანაში უმეტესად გამოუსადეგარია, რადგან არ ესადაგება ჩვენს სპეციფიკას, გრუნტსა და რელიეფს. ამიტომ ჩვენ საქმიანი კავშირი უკვე დავამყარეთ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის უცხოელ მწარმოებლებთან და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დაუყოვნებლივ დავიწყებთ თქვენთვის ისეთი და იმ რაოდენობით ტექნიკის შემოტანას, რომელიც საქართველოში სჭირდება მეურნე კაცს.

ეს ხელისუფლება, როგორც სჩვევია, ამ საქმესაც ზერელედ ეკიდება, იმიტომაც შემოზიდა ჰიბრიდული სიმინდი და გლეხებს იძულებით დაათესინა.

როგორ იზარალა ამით გლეხმაც და ქვეყანამაც, ჩემზე კარგად თქვენ იცით.

მე გპირდებით, რომ ჩვენ გულდასმით შევისწავლით ყოველი რეგიონის საჭიროებას.

ყველა კუთხეში, ყველა რეგიონში დავრგავთ და გამოვცდით ახალ ნერგებსა და ჯიშებს.

ჩვენ ეს საქმე 3 წლია, რაც დაწყებული გვაქვს, ამიტომაც შევქმენით წილკნისა და ჯიღაურას სანერგე მეურნეობები.

ახლა ამ გამოცდილებას მთელ ქვეყანაში დავნერგავთ, ყველაფერს ჩვენს გლეხკაცს  ევუთანხმებთ და მხოლოდ ასე მივიღებთ გადაწყვეტილებას.

მე ამას გპირდებით!

სამარცხვინო რამე გვჭირს ქართველებს.

ალბათ, არსად სხვაგან არ იღვრება ასე უმოწყალოდ სასმელი წყალი, როგორც ჩვენში, მაშინ როცა ჩვენს მოსახლეობას უწყლობა სტანჯავს.

აქ, თელავში, ყველა უბანს თავისი წყარო აქვს, სახლებში კი წყალი სანატრელია. ეს ხელისუფლება კი ბაქი-ბუქობს, მაგრამ ამდენი წელია ვერა და ვერ მოაგვარა ეს საქმე.

მე სიტყვას გაძლევთ, რომ უწყლობა აღარ დაგტანჯავთ, ჩვენ ამას მოვაგვარებთ!

ამ ბოლო დროს მომხდარმა სტიქიამ ძლიერ დააზიანა თქვენი საცხოვრებელი სახლები და კარ‐მიდამო, სრულად გაანადგურა მოსავალი.

სტიქიური უბედურებების სალიკვიდაციოდ ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში 100-მილიონიანი სახელმწიფო ფონდია გათვალისწინებული.

საქმე საქმეზე რომ მიდგა და დახმარება დასჭირდა ჩვენს ხალხს, აღმოჩნდა, რომ ამ ხელისუფლებას მთლიანად გაფლანგული აქვს ეს ფული.  აბა, რაღა უნდა მისცენ ხალხს? სადღა აქვთ ფული ხალხის დასახმარებლად?

ამიტომ ჰპირდებიან თითო ოჯახს საკომპენსაციოდ მაქსიმუმ 1500 ლარს, არადა ზარალი სინამდვილეში გაცილებით დიდია.

არც ამ თანხას აძლევენ ხალხს და თუ რამე მისცეს, იმასაც იმადლებიან.

მე გამოვნახე კანონიერი გზა დაზარალებულთა დახმარებისთვის და ის 80-მილიონიანი ჯარიმა, რომელიც სახელმწიფომ უკანონოდ დამაკისრა, გადავრიცხე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად და ეს ფული აუცილებლად და უკლებლივ უნდა მოხმარებოდა ხალხს!

ხომ ხედავთ თქვენც, რომ ეს თანხაც არ მოვიდა თქვენამდე, რადგან ხელისუფლებამ ისევ  საკუთარი მიზნებისთვის სხვადასხვა რეგიონში გადაანაწილა. არადა ეს 80 მილიონი იმის საშულებას იძლეოდა, რომ თითოეულ ოჯახს კომპენსაციის სახით სულ ცოტა 4 ათას 700 ლარი მიეღო!

ჩვენ  შევამოწმებთ ხელისუფლების ყველა ნაბიჯს და გპირდებით, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არც ერთი ოჯახი არ დარჩება რეალური დახმარების გარეშე!

ოქტომბიდან ჩვენ ვიქნებით ის ხელისუფლება, რომელიც რეალურად იზრუნებს ხალხზე, საქმეს გააკეთებს და არაფერს დააყვედრის თავის მოქალაქეებს, რადგან ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ხელისუფლება ხალხს უნდა ემსახუროს და არა ‐ ხალხი ხელისუფლებას!

ჩვენი ხელისუფლებისათვის ერთ‐ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება განათლება.

დღევანდელი ხელისუფლება თავს იწონებს წარმატებული განათლების რეფორმით, თუმცა რა შედეგი მოჰყვა ამას, ჩვენ ყველამ ვიწვნიეთ.

უწინ ყველა სოფელს თავისი სკოლა ჰქონდა, ახლა, ოპტიმიზაციის მოტივით, ბევრ სოფელში დაიხურა სკოლა.

ჩვენ ყველა სოფელში აღვადგენთ სკოლას, ყველა მოსწავლეს ექნება ხარისხიანი განათლების მიღების საშუალება. ოჯახებს აღარ ექნებათ სახელმძღვანელოების შეძენის პრობლემა. მასწავლებლები დაფასებული იქნებიან, მასწავლებლობა პრესტიჟული პროფესია გახდება.  ახლა მედავებიან, თითქოს მასწვალებლებს ვემუქრები და ვაშინებ. არ დაიჯეროთ, ხალხო, პირიქით, ჩემზე მეტი ქომაგი არავინ გეყოლებათ, იცოდეთ!

მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ დღეს ყველაზე უუფლობო და დამცირებული მასწავლებლები არიან. დღეს ხელისუფლება მათგან სრულ მორჩიებას და მსახურებას მოითხოვს, მასწავლებლის უფროსია ყველა - მინისტრი, დირექტორი, მანდატური, ხშირად მშობელიც კი.

მასწავლებლის ავტორიტეტი მთლიანად დაკნინებულია. მასწავლებლებო, ქედს ვიხრი თქვენ წინაშე!

თქვენმა უმრავლესობამ მაინც მოახერხა და ამ მძიმე დროს არაფერი დაიშურა, რათა  სათანადო ცოდნა მიეცა ბავშვებისთვის.

დღევანდელი ხელისუფლება კი თქვენგან სხვას მოითხოვს ‐ მორჩილებას!

მასწავლებლებო!

ნუღარ ჩაუდგებით ამ ხელისუფლებას დამამცირებელ სამსახურში, ნუ მისცემთ არჩევნების გაყალბებაში თქვენი გამოყენების საშუალებას!

რადგან არჩევნების გაყალბება დანაშაულია ქვეყნის წინაშე და კანონით ისჯება! კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ: 1‐ელ ოქტომბერს თქვენს სამშობლოს დაუდექით გვერდში და არა ამ ხელისუფლებას!

ჩვენი გამარჯვების შემდეგ თქვენ აღარასოდეს მოექცევით პოლიტიკური წნეხის ქვეშ, მასწავლებლობა დაფასდება, ხელფასიც ღირსეული გექნებათ და სოციალური დაცვაც.

მე ამას გპირდებით!

ახლა მინდა ჯანდაცვის საკითხს შევეხო. ამ მხრივ, ბოლო 20 წელზე  მეტია ჩვენი მოქალაქეები უმძიმეს მდგომარეობაში არიან, თითქოს რაღაც იცვლება, საავადმყოფოებიც შენდება, მაგრამ რეალობა ისაა, რომ 21‐ე საუკუნეში ადამიანები უექიმობითა და უწამლობით კვდებიან.

მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა სიძვირის გამო ვერ ახერხებს საავადმყოფოში დაწოლას, ძვირია წამლები, ძვირია ოპერაციის გაკეთება. ჩვენ, პირველ რიგში, ადამიანს მივხედავთ, ხალხს ადამიანურად ცხოვრების საშუალებას მივცემთ.

1-ელ ოქტომბერს საპარლამენტო არჩვენებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ, საქართველოს თითოეული მოქალაქის -უკლებლივ ყველას ჯანმრთელობაზე იზრუნებს სახელმწიფო!

ჩვენ მივხედავთ თქვენს ჯანდაცვას,  გპირდებით!

ჩვენ ყველა დანაპირებს შევასრულებთ, ამის სიტყვას მე გაძლევთ!

ხალხო!

ძალიან გაუჭირდა ამ ხელისუფლებას და ყველგან ცდილობს, როგორმე ისეთი კანდიდატი წამოაყენოს, რომელიც კარგი სახელითა და ავტორიტეტით სარგებლობს თავის მხარეში.

ამას ხან დაშინებით ახერხებს და ხან შანტაჟით, რადგან დიდი ხანია, წავიდა ის დრო, როცა წესიერი კაცი თავისი ნებით ჩადგებოდა ამათ სამსახურში.

მინდა ვთხოვო პატიოსან ადამიანებს, წესიერ ხალხს, თავს ნუ მოიტყუებთ: რა შეიძლება გააკეთოს კარგი სააკაშვილის ხელქვეითმა, რომლისგანაც ის მხოლოდ ბრმა მორჩილებას ითხოვს, ითხოვს უკანონო დაპატიმრებებსა და უსამართლო განაჩენებს, ითხოვს ქონების ძალით წართმევას, გლეხის დაჩაგვრას და ქალაქელის უმუშევრად დატოვებას.

ნურც შენ მოტყუვდები ამომრჩეველო!

ნაციონალების კანდიდატი რომ გახდება ადამიანი, მანამდე რაგინდ კარგი საქმეც გქონდეს ნაკეთები, ვერაფერს ვეღარ შეძლებს სასიკეთოს და ხელისუფლების ყურმოჭრილ მონად იქცევა, თუ არადა, სასწრაფოდ მოიშორებენ თავიდან, როგორც უამრავი სხვა, უამრავი პროფესიონალი მოიშორეს და ჩამოაცილეს საქმეს 2003 წლის შემდეგ. ჩვენი უბედურებაა,  რომ სააკაშვილმა თავის გარშემო ყველა ჩაითრია უკანონობაში, რომელთა შორის ერთ‐ერთი უმძიმესია არჩევნების გაყალბება.

დიახ, არჩევნების გაყალბებაა სწორედ სამოქალაქო სფეროში მკვლელობის ტოლფასი და დემოკრატიული სახელმწიფოს წინაშე ფულის გაყალბების ტოლი დანაშაული. ამიტომ იცოდეს ყველამ, რომ როგორი კარგი ავტორიტეტიც არ უნდა ჰქონდეს თავის სოფელსა თუ ქალაქში, როგორც კი სააკაშვილის სამსახურში ჩადგება, ხელისუფლების ყველა უკანონობისთვის, პირველ რიგში კი, ისევ და ისევ არჩევნების გაყალბებისთვის მოუწევს პასუხისგება.

1‐ელ ოქტომბერს არჩევნებში გადაწყდება, ვინ ვართ და რა გვინდა: ვისაც უნდა, რომ მისი საკუთრება, სახლ‐კარი, მიწა და სხვა ყველაფერი, რაზეც პატიოსანი კაცი ამაყად იტყვის ჩემიაო, საიმედოდ იყოს დაცული, ვისაც უნდა, რომ ადამიანის საკუთრება ამ ქვეყანაში ხელშეუხებელი იყოს და ვერავინ შეეცილოს, ვერც სხვა და ვერც სახელმწიფო, ადგეს ასეთი კაცი და ხმა მისცეს „ქართულ ოცნებას“ და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატს!

კახელებო, ვისაც გინდათ, რომ თქვენი შრომა საკადრისად დაფასდეს, და რომ თქვენს მუხლჩაუხრელ გარჯას ბარაქა მოჰქონდეს, მობრძანდით 1‐ელ ოქტომბერს საარჩევნო ყუთთან და ხმა მიეცით „ქართულ ოცნებას“ და მის მაჟორიტარ კანდიდატს.

კახელო კაცო, თუ გსურს, რომ ისეთი პენსია გქონდეს, სხვისი ხელის შემყურე კი არ იყო, არამედ თავის რჩენაც შეგეძლოს და საჩუქრებით შვილიშვილების გახარებაც, მაშინ მოდი არჩევნებზე და აირჩიე შენი და შენი თაობის ადამიანების უზრუნველი სიბერე, ხმა მიეცი „ქართულ ოცნებას“ და, არც მისი მაჟორიტარობის კანდიდატი დაგავიწყდეს.

კახელებო, ვისაც გინდათ, რომ პატიმრების წამება შეწყდეს, და უსამარლოდ დაჭერილი ადამიანები გათავისუფლდნენ ციხეებიდან, ვისაც გინდათ, რომ ადამიანებს დაუმსახურებლად მძიმე სასჯელი შეუმსუბუქდეთ, მოდით არჩევნებზე 1‐ელ ოქტომბერს და შემოხაზეთ 41!

ვისაც გინდათ, რომ ჩვენი შვილები კარგ განათლებას ეწაფებოდნენ, კარგი და იაფი სახელმძღვანელოებით სწავლობდნენ, მოდით არჩევნებზე და ხმა მოგვეცით ჩვენ, „ქართულ ოცნებას“!

ვისაც გინდათ, რომ თქვენი და თქვენი ახლობლების ჯანმრთელობა სახელმწიფომ დააზღვიოს, არც წამალი ეძვირებოდეს და არც კარგ საავადმყოფოში მკურნალობა, მოდით და აირჩიეთ „ქართული ოცნება“ და მისი მაჟორიტარობის კანდიდატი.

მათ კი, ვინც ნაციონალურ მოძრაობას შემოხაზავს მაინც, იცოდნენ, რომ როდესაც ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, მათ არავინ გაუხსენებს ასეთ არჩევანს, და ყოველი სიკეთით, რასაც საქართველოს აღმშენებლობა მოიტანს, ისინიც ისევე ისარგებლებენ, როგორც ყველა დანარჩენი.

ჩვენ ბოლოს მოვუღებთ ხალხის დაყოფას ხელისუფლების მომხრეებად და მოწინააღმდეგებად, ამას გპირდებით!

დაბოლოს, ვისაც გინდათ, რომ სამართალმა პური ჭამოს, რომ იცხოვროთ სამართლიან სახელმწიფოში, რომელშიც უკლებლივ ყველა თანასწორი იქნება კანონის წინაშე, მოდით არჩევნებზე 1-ელ ოქტომბერს, ხმა მიეცით „ქართულ ოცნებას“ და შემოხაზეთ 41!

არჩევნების დღე ის ერთადერთი დღეა, როდესაც ხელისუფლება მთლიანად ხალხის ხელშია!

სწორედ ამ დღეს წყდება ქვეყნის მომავალი, ეს გადამწყვეტი დღეა! და თუ ამ დღეს არ გამოვიყენებთ, მეორე დღეს უკვე ყველაფერი გვიან იქნება.

ქვეყნის ბედს თქვენ წყვეტთ, ქვეყნის ბედს 1-ელ ოქტომბერს თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები გადაწყვეტთ!

1-ელ ოქტომბერს თქვენ სამშობლოს არჩევნებზე სჭირდებით!

ჩემო თანამებრძოლებო!

ქუდზე  კაცი უნდა გამოვიდეს!

ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ საკუთარი მომავლისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის!

ჩვენი სამშობლოსთვის!

ჩვენი საქართველოსთვის!

ჩვენ ისეთ ქვეყანას ავაშენებთ, სადაც ვეღარავინ წაართმევს ხალხს თავის არჩევანს!

ჩვენ ღირსებას დავუბრუნებთ ჩვენს ქვეყანას!

ჩვენ ღირსებას დავუბრუნებთ და გავაერთიანებთ ჩვენს ხალხს!

ჩვენი ქვეყანა თავს დააღწევს გაჭირვებას!

ჩვენ ისეთ ქვეყანას ავაშენებთ, სადაც აღარავის დასჭირდება ლუკმა‐პურის საშოვნელად სამშობლოდან გადახვეწა.

საქართველოში დაცული იქნება ადამიანის ყველა უფლება, აზრისა და სიტყვის თავისუფლება;

სასამართლო იქნება სამართლიანი, მედია - დამოუკიდებელი, ბიზნესი -ხელშეუხებელი!

ისეთ ქვეყანას ავაშენებთ, სადაც ჩვენს საამაყო ჯარისკაცებსა და პოლიციელებს მიეცემათ იმის შესაძლებლობა, რომ ღირსეულად ემსახურონ სახელმწიფოს და არა რომელიმე ხელისუფალს!

თავისუფალ საქართველოში თავისუფალი ხალხი იცხოვრებს, რომელსაც აღარ ექნება პოლიტიკური დევნის შიში!

მე ამას გპირდებით!

ქართველები, ოსები, აფხაზები, ებრაელები, აზერბაიჯანელები, სომხები, ქისტები, რუსები, ბერძნები და სხვები ისეთ ქვეყანას ავაშენებთ, რომელიც სამშობლო იქნება ყველასთვის!

საქართველო გახდება თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა, ევროპული თანამეგობრობის ღირსეული წევრი!

ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით!

მხოლოდ ერთად დგომით მოვიგებთ ამ ბრძოლას!

ჩვენ გვწამს და მტკიცედ გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ არჩევნებში, ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, საქართველო გაიმარჯვებს, ჩვენ ერთად შევქმნით უკეთეს მომავალს და ერთად ავისრულებთ ქართულ ოცნებას!