სააკაშვილი: პირველ ოქტომბერს საქართველოს წარსულში დაბრუნების მსურველთა ბოლო გაფართხალებაა

სააკაშვილი: პირველ ოქტომბერს საქართველოს წარსულში დაბრუნების მსურველთა ბოლო გაფართხალებაა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში, „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პირველ ოქტომბერს საქართველოს წარსულში დაბრუნების მსურველთა და მათი საგარეო მფარველთა ბოლო გაფართხალება და  ბოლო რუბიკონია.

პრეზიდენტის თქმით,  საქართველო ყველაფერს გადალახავს და სამშვიდობოს  გავა.

პრეზიდენტმა ყურადღება მასწავლებლებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ვერავინ ვერასოდეს დაემუქრება  მასწავლებლებს დაჭერით.

„შეუძლია დაემუქროს, მაგრამ შეჭამოს უკან თავისი სიტყვები. ერთი თმა არ ჩამოუვარდებათ ჩვენ ქართველ მასწავლებლებს, რომლებიც ქმნიან ჩვენს მომავალს. ვისაც ჩვენი სიბნელეში დაბრუნება უნდა,  ის ემუქრება ჩვენს პედაგოგებს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით,  ყველა მოქალაქემ საკუთარ თავს უნდა დაუსვას კითხვა, არის თუ არა ქვეყანა უფრო უკეთესი ვიდრე,  ეს 8 წლის წინათ იყო  და თუ ამაზე პასუხი დადებითია. მისი თქმით,  საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს უფლება, ხელი გაუმართოს იმას,  ვისაც არა მარტო შენობების არამედ,  ყველაფერ იმის დანგრევა სურს, რაც აშენდა.

„ის, რომ ჩვენ მოვიშორეთ კანონიერი ქურდები, მათ შორის, ამ ქალაქიდან, რომელიც იყო მისაბაძი ახალგაზრდებისთვის, არ მოსულა ჩვეულებრივად. მოვიდა იმის ფასად, რომ ჩვენ უამრავი მტერი გავიჩინეთ, მაგრამ ამის მიუხედავად ქუთაისში, სადაც ძალიან მაგარი ახალგაზრდობაა, მათი მისაბაძი აღარასოდეს გახდება კანონიერი ქურდი, ვერასოდეს ნარკომანია ვერ დაბრუნდება ჩვენს ეზოებში“,  - განაცხადა  სააკაშვილმა.