აკაკი ბობოხიძე: პირველ ოქტომბერს ქართველებმა ახალი დიდგორი უნდა მოვიგოთ

აკაკი ბობოხიძე: პირველ ოქტომბერს ქართველებმა ახალი დიდგორი უნდა მოვიგოთ

ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რომ რუსეთი „ქართულ ოცნებად“ მონათლული ძალით ცდილობს საქართველოს კვლავ დაეპატრონოს. 

„1 ოქტომბერი არაა ჩვეულებრივი საარჩევნო დღე. 1 ოქტომბერი საქართველოსთვის გზაგასაყარია წარსულსა და მომავალს შორის. ერთი მუჭა სულით და ხორცით ადამიანები ცდილობენ, საქართველოს დაეპატრონონ, ვერ ეღირსებიან. ახალი საქართველოს მშენებლები ხართ თქვენ, თქვენ ხართ ხუთჯვრიანი დროშების ჯარისკაცები და მებრძოლები. ჩვენ ვართ ძალა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს ბედნიერი მომავალი. ჩვენ ვართ ძალა, რომელმაც დაცემული ქვეყანა ფეხზე წამოაყენა. ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე დღეს არის მოდერნიზებული რუსული იმპერია, რომელიც კვლავ ცდილობს შეცვლილი სახით, ქართველი გვარ-სახელებით, „ქართულ ოცნებად“  მონათლული ჯარით კვლავ დაეპატრონოს საქართველოს. 1 ოქტომბერს თითოეული თქვენგანი რიგითი ამომრჩეველი კი არა, საქართველოს ჯარისკაცი უნდა იყოს, ახალი დიდგორი უნდა მოვიგოთ“, - განაცხადა ბობოხიძემ.