წინასაარჩევნო კამპანია სახელწოდებით - „გასაყალბებელი კიდევ ბევრია“ დაიწყო

წინასაარჩევნო კამპანია სახელწოდებით - „გასაყალბებელი კიდევ ბევრია“ დაიწყო

დამოუკიდებელი ახალგაზრდების ჯგუფმა  წინასაარჩევნო კამპანია სახელწოდებით - „გასაყალბებელი კიდევ ბევრია“ დაიწყო.

პირველი კლასიკური გიმნაზიის წინ,  დღეს გამართულ აქცია-ბრიფინგზე აღნიშნული ჯგუფის წევრებმა  პლაკატი წარმოადგინეს, რომელზეც მათი თქმით, არჩევნების გამყალბებლები არიან გამოსახული.

როგორც დამოუკიდებელი ახალგაზრდების ჯგუფის წევრმა გიორგი აფხაიძემ განაცხადა, საქმე გვაქვს შეთანხმებულ ტანდემთან, სადაც მოხდა გარიგება რომ „მემარჯვენეები“ 5-% -იან ბარიერს გადალახავენ და მინიმუმ ექვსი კაცით შევლენ პარლამენტში.

„ჩვენ დღეს მოვიტანეთ პლაკატები, სადაც არჩევნების გამყალბებლები არიან გამოსახულნი. ესენი არიან მმართველი გუნდის წევრები: ხათუნა გოგორიშვილი, მიხეილ მაჭავარიანი, გივი თარგამაძე, გოკა გაბაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, ასევე ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი და ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარე და ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე“,-განაცხადა აფხაიძემ.

მისი თქმით, წინასაარჩევნო კამპანია არათანაბარ პირობებში მიმდინარეობს და მმართველი პარტიის ბილბორდები და პლაკატები უალტერნატივოდაა წარმოდგენილი, მათ შორის ლიფტებში, სამარშრუტო ტაქსებსა და მეტროებში.

დამოუკიდებელი ახალგაზრდების ჯგუფი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო სიებში 15 სექტემბრამდე დარღვევები არ იქნება აღმოფხვრილი, ისინი აღნიშნულ პირებს „გამყალბებლების“ პირველი, მეორე და მესამე ხარისხის სიგელებით დააჯილდოვებენ.