სააკაშვილი: ჩვენ კი არ მივალთ აფხაზეთთან, ისინი მოვლენ ჩვენს განვითარებულ, წარმატებულ ქვეყანაში

სააკაშვილი: ჩვენ კი არ მივალთ აფხაზეთთან, ისინი მოვლენ ჩვენს განვითარებულ, წარმატებულ ქვეყანაში

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ჩვენ კი არ უნდა მივიდეთ აფხაზებთან, ისინი უნდა მოვიდნენ ჩვენს განვითარებულ ქვეყანაში.

„ერთი და იგივე წრეში გვატარებენ, როგორც ციყვს ბორბალში, გვეუბნებიან, არ გვინდა გაჩმახება, მივიდეთ რუსეთთან, გამოვაცხადოთ მშვიდობა და ველაპარაკოთ პირდაპირ აფხაზებს და ოსებს. კაცო, ის რუსეთი პირდაპირ იძახის, რომ აფხაზები და ოსები არაფერს არ ნიშნავენო, ჩვენი გეგმა იყო, ჩვენი გეგმის ნაწილი იყვნენ და ჩვენ გავაკეთებინეთ ყველაფერიო. 1994 წელს შევარდნაძემ მოაწერა ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებას და აფხაზეთი აჩუქა. შევარდნაძეს, რომ ხელი არ მოეწერა, საინტერესოა, რომელი რესურსებით შეინარჩუნებდნენ აფხაზები გალს ან ოჩამჩირეს, ხალხი არ ჰყავთ ამდენი. ახლა გვეუბნებიან, მას შემდეგ, რაც მთელი მსოფლიო აღიარებს მათ ოკუპანტად, მოდით, ჩვენ თვითონ მოვუწეროთ ხელი მათ რაზეც უნდათ და მერე რაღაცნაირად გაგვიჩარხავს საქმეს აფხაზეთთან და ოსეთთანო“, - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ აფხაზები თავად უნდა დაბრუნდნენ.

პრეზიდენტის განცხადებით, ოკუპაციის ხაზზე შენდება ლაზიკა.

„ჩვენ ვაშენებთ ჩვენს ქვეყანას, ვაშენებთ ოკუპაციის ხაზზე ჩვენს ლაზიკას. ამიტომ ჩვენ კი არ მივალთ აფხაზეთთან, რუსებს ვერ გადავახტებით თავზე, ისინი მოვლენ ჩვენს განვითარებულ, წარმატებულ ქვეყანაში. ჩვენ თუ მივალთ იქით, უნდა მივიდეთ მონებად, თავზე ნაცარი დავიყაროთ და ვუთხრათ, აჰა, მოვედით! ყველაფერი ჩვენი ბრალია, რაც გინდა ის გვიქენი! ასეთ შემთხვევაში რა დღე დაგვადგება, ძალიან კარგად ვიცით“, - განაცხადა სააკაშვილმა.