ბიძინა ივანიშვილი: „ქართული ოცნება“ 1-ელ ოქტომბერს  გამარჯვებისთვის ემზადება

ბიძინა ივანიშვილი: „ქართული ოცნება“ 1-ელ ოქტომბერს გამარჯვებისთვის ემზადება

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა  ბიძინა ივანიშვილმა  მუხრანში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. ივანიშვილმა მოსახლეობას მიმართა და შეკრებილ საზოგადოებას კოალიციის გეგმა გააცნო.

როგორც მოსახლეობასთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა,  საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მას ხშირად ადანაშაულებს იმაში, თითქოს მას ქვეყნის კომუნისტურ რეჟიმზე დაბრუნება სურს.

ივანიშვილის თქმით,  მის ინტერესებში ნამდვილად არ შედის კომუნისტურ წყობაში გადაიყვანოს ქვეყანა და აღნიშნავს, რომ  თავად მიხეილ სააკაშვილი კომუნისტურ წყობას კი არა, ფეოდალურ ხანას უბრუნდება.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს რეგიონებში თითო რჩეული ადამიანი ჰყავს, რომელთაც ყველა ბიზნესი აქვთ ჩაბარებული.

„ამ რეგიონში ერთი პიროვნება აკონტროლებს არა მარტო ყველა ბიზნესს არამედ,  კანფეტებსაც კი,  ვინაიდან საწარმო სწორედ ამ რეგიონში მდებარეობს. ახლა განვსაზღვროთ, მე მინდა კომუნისტურ წყობაში დაბრუნება, თუ მიხეილ სააკაშვილს ფეოდალური წყობა?!“ - მიმართა  ივანიშვილმა მოსახლეობას.

მისივე განცხადებით,  მუხრანის მიმდებარე სოფლებში ეთნიკურად მრავალფეროვანი მოსახლეობა ცხოვრობს. მათ შორის, სოფელ სანდაში ასირიელები ცხოვრობენ, რომლებიც წლებია ითხოვენ სალოცავი ჰქონდეთ, თუმცა მათზე არავის უფიქრია.

ივანიშვილის თქმითვე,  აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელში არაერთი განათლებული მოსახლეა,  თუმცა,  ისინი დასაქმებას სოფლის საკრებულოშიც კი ვერ ახერხებენ.

კოალიციის ლიდერის განცხადებით, „ქართული ოცნება“ 1-ელ ოქტომბერს  გამარჯვებისთვის ემზადება  და თუ ვინმე შეეცდება არჩევნების გაყალბებას, ის და მისი თანაგუნდელები მზად არიან, თავიანთი ხმების დასაცავად.