ბიძინა ივანიშვილი: NDI-ის კითხვის ფორმულირებები კითხვებს აჩენს

ბიძინა ივანიშვილი: NDI-ის კითხვის ფორმულირებები კითხვებს აჩენს

კოალიცია „ქართული ოცნების" ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი NDI-ის კვლევებს აფასებს და არსებული კითხვების ფორმულირებასთან დაკავშირებით შენიშვნებს გამოთქვამს.

მისი თქმით, NDI-ის საქართველოში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განუხორციელებია,  მათ მიმართ დიდი მადლიერების გრძნობა აქვს, თუმცა აღნიშნავს, რომ თუმცა კვლევების ჩატარებაში პროფესიონალი არ არის. 

„გაუგებარია, რატომ სვამენ კითხვას, ვინ გაჰყვება ივანიშვილს ქუჩაში. კითხვის ფორმულირება კითხვას აჩენს. ისინი პროფესიონალები არ არიან, აშშ-ში არასოდეს ჩაუტარებიათ გამოკითხვა. ნაწილობრივ ვენდობით, ნაწილობრივ პროცედურასთან დაკავშირებით კითხვები გაგვაჩნია", - აღნიშნა ივანიშვილმა. 

მისივე თქმით, კვლევაში პროცენტულ მაჩვენებლებთან მიმართებაშიც წინააღმდეგობრივი შედეგებია. 

„რეიტინგი 12% დამიწერეს, ქუჩაში 27% გამომყვება – წინა კვლევაში ასე იყო. მაგრამ NDI-ისადმი დიდი პატივისცემის გრძნობა გამაჩნია", - განაცხადა ივანიშვილმა. 

NDI-ის ბოლო კვლევის მიხედვით, ხელისუფლების წარმომადგენელთა მოწონების მაჩვენებლები გაიზარდა, ხოლო ოპოზიციის - შემცირდა. კითხვაზე, მოგწონთ თუ არა ესა თუ ის პიროვნება, 62% ვანო მერაბიშვილმა მიიღო (წინა კვლევასთან შედარებით +7%), მიხეილ სააკაშვილმა - 61% (+3%), გიგი უგულავამ – 58%, დავით ბაქრაძემ - 55%, გიორგი თარგამაძემ – 49%, ინგა გრიგოლიამ – 41%, ბიძინა ივანიშვილმა – 39% (-7%).

ამასთან, წინა კვლევასთან შედარებით "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგმა 1%-ით მოიმატა, "ქართული ოცნების" რეიტინგმა კი - 6%-ით დაიკლო.