დევნილთა საკოორდინაციო საბჭო დევნილთა წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების გზით დაკომპლექტება ითხოვს

დევნილთა საკოორდინაციო საბჭო დევნილთა წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების გზით დაკომპლექტება ითხოვს

„ქართული ოცნების" აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა საზოგადოებრივი საკოორდინაციო საბჭო ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, საბჭო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში შექმნილი წინასაარჩევნო გარემოს არაადეკვატურობისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო, რაც ეჭვქვეშ აყენებს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას და საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას.

„საქართველოში არსებული მძიმე შიდაპოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ვითარება განსაკუთრებული სიმწვავით აისახება დევნილებზე. დევნილთა უფროსი თაობა, შვილები, პატარა ბავშვებიც კი უსამართლოდ დაჩაგრულობის შეგრძნებით მუდმივი ფსიქოლოგიური სტრესის პირობებში ვცხოვრობთ. სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო დევნილთა არა თუ ღირსეულად დაბრუნების წინა პირობების შექმნა, არამედ ჩვენი ღირსეული ცხოვრება დევნილობაში, საკუთარ სამშობლოში. ბევრი ჩვენთაგანი მეორე და მრავალგზის დევნილად იქცა. დევნილთა პრობლემების მოგვარება სახელმწიფოს კეთილ ნებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული“, -  ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა ისევე, როგორც სახელმწიფოს ვალდებულებაა იზრუნოს ომში დაღუპულ, ან ომით დაზარალებულთა ოჯახებზე.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, უნდა შეიცვალოს თბილისში მოქმედი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიების მთავრობების საქმიანობის ხასიათი.

„საჭიროა დევნილთა წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების გზით დაკომპლექტება. მათთვის დევნილებთან დაკავშირებული საკითხების მართვის უფლებების გადაცემა, რათა არ დაგვეკარგოს ჩვენი იდენტობა, ერთიანობის შეგრძნება, მუდმივი მზადყოფნა და მშობლიურ სახლებში დაბრუნების იმედი", - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი საზოგადოებრივი საკოორდინაციო საბჭო მიიჩნევს, ხელისუფლების მუდმივი აგრესიული რიტორიკა, გაუაზრებელი პოლიტიკა და წინდაუხედაობა მიზეზია იმისა, რომ დღეისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებებს პერსპექტივა არ გააჩნია. მათი თქმით, ხელისუფლებამ ვერ შეძლო ომის პრევენცია და ვერც მოსახლეობის დაცვა. უამრავი ჩვენი ახლობელი შეეწირა ომს, რომლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა.

როგორც საბჭოში განმარტავენ, მათ პოზიციაზეა დევნილების უმეტესობა.

„ჩვენ გვჯერა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ყველა პოლიტიკური გაერთიანება, საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები შემოგვიერთდებიან", - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადება ჟურნალისტებს საბჭოს წევრებმა საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" ოფისში გააცნეს.