„ეს შენ გეხება“  არჩევნების შემდეგ,  Must Carry - სა და  Must offer-ის პრინციპების მოქმედების გაგრძელებას მოითხოვს

„ეს შენ გეხება“ არჩევნების შემდეგ, Must Carry - სა და Must offer-ის პრინციპების მოქმედების გაგრძელებას მოითხოვს

კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილეები ორგანიზაციები ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე,  Must Carry - სა და  Must offer-ის პრინციპების მოქმედების გაგრძელებასა და მედია საშუალებების კუთვნილ სატელიტურ ანტენებზე ყადაღის მოხსნას მოითხოვენ.

ამის შესახებ,  „ეს შენ გეხებას“ მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა  დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

მათი თქმით, Must Carry-სა და Must Offer-ის ამოქმედებამ მრავალფეროვან ინფორმაციაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, თუმცა, მათივე თქმით, ინფორმაციის მიღება მოქალაქეთა გარკვეული ნაწილისთვის კვლავ შეზღუდულია.

კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილეები აცხადებენ, რომ დღეისთვის, ხელისუფლებას არ გამოუხატავს მზადყოფნა Must Carry-სა და Must Offer-ის არჩევნების შემდეგ პერიოდში გაგრძელებასთან დაკავშირებით და ჯერ არ შექმნილა შესაბამისი მექანიზმები, რომლებიც აღნიშნული პრინციპების გაგრძელებას უზრუნველყოფს.

შესაბამისად,  არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ  ეს არჩევნების დღეს და მის შემდეგ,  მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიღების შეზღუდვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

ამასთან „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლები აღნიშნავენ,  რომ სხვადასხვა ორგანიზაცისების კუთვნილი სატელიტური ანტენების დაყადაღების ფაქტი განიხილება, როგორც ფართო საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვა, რაც კამპანიის მონაწილეთა განმარტებით, წინააღმდეგობაში მოდის ხელისუფლების საჯარო განცხადებებთან იმასთან დაკავშირებით, რომ ის მზადაა სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის.

„ეს შენ გეხებას“ მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ ხელისუფლებას და მოითხოვენ - შეიქმნას გარანტიები, რათა Must Carry-სა და Must Offer-ის პრინციპების მოქმედება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე გაგრძელდეს. ასევე, დაუყოვნებლივ მოიხსნას ყადაღა მედია საშუალებების კუთვნილ სატელიტურ ანტენებზე, უზრუნველყოფილ იქნას სატელიტური ანტენების გავრცელების შესაძლებლობა და ხელისუფლებამ ნაცვლად ყადაღისა, მონიტორინგის სათანადო მექანიზმები გამოიყენოს.