აუდიტის სამსახურის ოქმის საფუძველზე „ქდმ“ 5000 ლარით დაჯარიმდა

აუდიტის სამსახურის ოქმის საფუძველზე „ქდმ“ 5000 ლარით დაჯარიმდა

საქალაქო სასამართლომ „ქდმ“  აუდიტის სამსახურის ოქმის საფუძველზე 5000 ლარით დააჯარიმა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ სამართალდამრღვევად სცნო და თბილისის საქალაქო სასამართლომ 5000 ლარით დააჯარიმა.

ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებას from.ge უცვლელად გთავაზობთ.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, 2012 წლის 31 ივნისს, პოლიტიკური გაერთიანება „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ორგანიზებით გურჯაანში, დიდების მემორიალზე, კახეთის მოსახლეობასთან გამართული შეხვედრისას ჩატარებული ღონისძიების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლის და ამ ფაქტის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონთან შესაბამისობის საკითხის დადგენის მიზნით, ადმინისტრაციული წარმოება ჩაატარა.

მონიტორინგის პროცესში დადგინდა, რომ პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ ორგანული კანონის 271-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები და შემოწირულების შესახებ ინფორმაცია დაარღვია, რაც კანონით დადგენილ ხუთდღიან ვადაში აცნობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და არც ფინანსური საქმიანობის ამსახველ დოკუმენტაციაში ასახა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური გაერთიანება „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა და განსახილველად ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაუგზავნა.

2012 წლის 7 სექტემბერს, სასამართლომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკური გაერთიანება „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ მიმართ სანქციის გამოყენების თაობაზე და პარტია კანონდარღვევისთვის 5000 ლარით დააჯარიმა“,  - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.