კობახიძე: „ქართულ ოცნების“ პროგრამაში მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვაა ასახული

კობახიძე: „ქართულ ოცნების“ პროგრამაში მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვაა ასახული

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანაში მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა აქვს, რაც პარტიის პროგრამაშია ასახული“, - ამის შესახებ დღეს, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ კოალიციასთან „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ შეხვედრის შემდეგ ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, მანანა კობახიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ხელისუფლებისგან განსხვავებით, „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივებს გაიზიარებს და მათთან აქტიურად ითანამშრომლებს.

არასამთავროებთან დღევანდელ შეხვედრაზე „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა მართლმსაჯულების უზრუნველყოფის შესახებ საკუთარი პროგრამის ნაწილი წარადგინეს და არასამთავრობოების რეკომენდაციებიც მოისმინეს. როგორც მანანა კობახიძემ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო. მისი თქმით ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ქართული ოცნება" იზრუნებს საკანონმდებლო რეფორმაზე, ასევე იზრუნებს სისხლის სამართლის რეფორმაზეც.

როგორც კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ თავმჯდომარემ დავით ასათიანმა აღნიშნა, მათი მიზანია, ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ პარტიასთან შეხვედრა, რეკომენდაციების გაზიარება და აღნიშნული რეკომენდაციების იმლემენტაციის ხელშეწყობა. 

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წარმომადგენლები „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრებს უკვე შეხვდნენ. მომავალში სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც იგეგმება შეხვედრები.