ხიდაშელი: ხალხის გადაწყვეტილებას, როგორიც არ უნდა იყოს ის, ყველა შემთხვევაში უნდა დავემორჩილოთ

ხიდაშელი: ხალხის გადაწყვეტილებას, როგორიც არ უნდა იყოს ის, ყველა შემთხვევაში უნდა დავემორჩილოთ

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, თინა ხიდაშელი ქართული პოლიტიკური სპექტრისადმი სენატორ ჯონ მაკკეინის მოწოდებას გამოეხმაურა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არჩევნების შედეგების აღიარების შემთხვევაში პოლიტიკური ძალების მიერ ამ შედეგების ლეგიტიმურად ცნობას უკავშირდება.

მისი თქმით, თუ ხელისუფლება არჩევნების შედეგებთან მიმართებაში განსაკუთრებული უხეშობის ჩადენას ვერ გაბედავს, მაშინ ისინი ქართველი ხალხის არჩევანს პატივს სცემენ.

„მაკკეინის მოწოდებასთან დაკავშირებით ჩემი პასუხი უმარტივესია - ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას, როგორიც არ უნდა იყოს ის, ყველა შემთხვევაში უნდა დავემორჩილოთ. თუ ხელისუფლება ვერ გაბედავს ამ კუთხით რაიმე განსაკუთრებული უხეშობის ჩადენას, ხმებს დავითვლით და, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ქართველი ხალხის არჩევანს", - აღნიშნა ხიდაშელმა.

თუმცა მისი თქმით, დამკვირვებლები ვერ ხედავენ იმას, რასაც ქართველი ხალხი ხედავს. ხიდაშელი აცხადებს, რომ სწორედ ამიტომ მათი მიზანია ისინი წინასწარ, მუდმივად ინფორმირებულნი იყვნენ, რათა შემდგომში აღარ ჰქონდეთ განცდა, რომ „რაღაცის" შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდათ.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ პირობებში შევძლებთ, რომ იდენტურ, ერთნაირ დასკვნებამდე მივიდეთ", - განმარტა ხიდაშელმა.

ამასთან, „ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს ეჭვი არ ეპარება იმაშიც, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში მის შედეგებს „ქართული ოცნება" ამომრჩეველი და საერთაშორისო თანამეგობრობა ერთად დაიცავს. 

„გაყალბების შემთხვევაში ყველა ერთად უნდა დავდგეთ ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანის დასაცავად და ამისთვის ყველა სამართლებრივი პროცედურით ვიბრძოლოთ", - დასძინა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა. 

შეგახსენებთ, ჯონ მაკკეინის თქმით, მომავალ არჩევნებს ამერიკა დიდ ყურადღებას მიაქცევს და დაეყრდნობა წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ შეფასებებს.