„ქართული ოცნება“ ლოპოტას ხეობის მოვლენებს ხელისუფლების დანაშაულებრივად უპასუხისმგებლოს უწოდებს

„ქართული ოცნება“ ლოპოტას ხეობის მოვლენებს ხელისუფლების დანაშაულებრივად უპასუხისმგებლოს უწოდებს

საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ ლოპოტის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, ბლოკი იზიარებს საზოგადოების უკიდურეს აღშფოთებას, გმობს ხელისუფლების საინფორმაციო პოლიტიკას და მას დანაშაულებრივად უპასუხისმგებლოს უწოდებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე დღე უმალავდა საკუთარ მოსახლეობას სოფელ ლაფანყურთან ლიკვიდირებული ადამიანების ვინაობას და ურცხვად ტყუოდა, თითქოს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ. 

ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ვრცელდება შემაძრწუნებელი დეტალები დაღუპული თანამოქალაქეების ნათესავებზე მორალური ზეწოლისა და გარდაცვლილთა ცხედრებით მათთან პირდაპირი ვაჭრობის თაობაზე. ავტორთა თქმით, ასეთი დამოკიდებულება ბუნებრივად იწვევს საზოგადოების სამართლიან გაღიზიანებას და აძლიერებს ეჭვებს ისედაც ნდობადაკარგული ხელისუფლების მიმართ. 

„ასეთი დამოკიდებულება ბუნებრივად იწვევს საზოგადოების სამართლიან გაღიზიანებას და აძლიერებს ეჭვებს ისედაც ნდობადაკარგული ხელისუფლების მიმართ. როგორც ჩანს, პრეზიდენტ სააკაშვილს აწყობს, მუდმივად ამყოფოს საზოგადოება განსაცდელის მოლოდინის მდგომარეობაში და ამ გზით დათრგუნოს მოქალაქეთა თავისუფალი ნება. გარდა ამისა, იმ მწირი და წინააღმდეგობრივი ინფორმაციითაც კი, რასაც ხელისუფლება ავრცელებს, რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ შემთხვევაშიც ხელისუფლება მისთვის ჩვეული სულსწრაფობით მოიქცა და სპეციალური ოპერაცია დაიწყო იმ ვითარებაში, როცა სრულად არ იყო ამოწურული მოლაპარაკების რესურსი და რჩებოდა მსხვერპლის თავიდან აცილების თუნდაც მინიმალური შანსი“, - ნათქვამია განცხადებაში.

„ქართული ოცნება“ ხელისუფლებას მოუწოდებს და კატეგორიულად მოითხოვს იმოქმედოს საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. ამვდროულად, ბლოკი მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მეგობარ ქვეყნებს, რათა მათ განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, გააძლიერონ ყურადღება საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ინტენსიური გახადონ კონსულტაციები პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და სიღრმისეული განხილვის საგნად აქციონ ლოპოტას ხეობაში განვითარებული მოვლენები.