ადვოკატმა პოლიტიკურ გათავისუფლებაზე რეაგირება „ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატისგან მოითხოვა

ადვოკატმა პოლიტიკურ გათავისუფლებაზე რეაგირება „ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატისგან მოითხოვა

 უფლებადაცვითი ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებელმა, ადვოკატმა არჩილ კაიკაციშვილმა დის, თამარ კაიკაციშვილის ქობულეთის პროფესიული კოლეჯის დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან პოლიტიკური და არასაიმედოობის ნიშნით დათხოვნის ფაქტზე რეაგირებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატს, გელა ცხომელიძეს ღია წერილით მიმართა. „თქვენ დღეს მოქმედებთ პოლიტიკური თანამდებობის დაკავებისთვის, რომელიც გაკისრებთ მაღალ პასუხისმგებლობას – იყოთ ხალხის წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. ამიტომაც, მოსახლეობის ინტერესები, ადგილობრივი საზოგადოების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, რომლის განხორციელებასაც არჩევით თანამდებობაზე აპირებთ, დღიდანვე უნდა წარმოადგენდეს თქვენს მიერ არჩეული საჯარო მოღვაწეობის ყოველდღიურობას.“ – ნათქვამია ადვოკატის განცხადებაში, რომელიც დეტალურად აღწერს გათავისუფლებასთან დაკავშირებულ თანმდევ პროცესსა და დამდგარ შედეგს.

 ადვოკატი მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის მიმართ გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ „წარმოუდგენელია გატყობინებდეთ ერთ–ერთი უსამართლო შემთხვევის შესახებ და არ მქონდეს თქვენი სამართლიანი პოზიციის იმედი. თამარ კაიკაციშვილი 2012 წლის 19 ივნისს თანამდებობიდან არასაიმედოობის გამო და პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს. ამიტომაცაა ეს ფაქტი ასე მნიშვნელოვანი და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე. პოლიტიკური ნიშნით დათხოვნის საფუძველი გახდა ჩვენი ოჯახის ახლო ნათესავის, საექსპერტო წრეებში ცნობილი პოლიტოლოგისა და მიმომხილველის, ვაჟა ბერიძის მიწვევა ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოში, რა დროსაც, კოლეჯის დირექტორმა დავით მჭედლიშვილმა მოადგილე ჯერ კიდევ 2011 წლის დეკემბერში დაიბარა. დირექტორმა გაღიზიანებული ტონით დათხოვნილ თამარ კაიკაციშვილს სამჯერ უთხრა, რომ „აბა, თუ შეეძლო, მისულიყო და დაეკავებინა დირექტორის სკამი“ რასაც მოჰყვა მუქარა, რომ მისი დირექტორობის პერიოდში, ვერასოდეს დაიკავებდა თანამშრომლის სტატუსს კოლეჯში. ვფიქრობ, თქვენი სოლიდარობა და სამართლიანობა არ დააზიანებს თქვენს ურთიერთობებს კოლეჯის მოქმედ ხელმძღვანელობასთან, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიური მონაწილე და მხარეა, თუმცა გზა და პასუხისმგებლობა, რომელიც თქვენ ხალხმა უნდა დაგაკისროთ, სხვა მოცემულობაა და სხვა სამართლიან რეაგირებას და გადაწყვეტილებებს მოითხოვს.“ – აღნიშნულია წერილში, რომელიც მაჟორიტარობის კანდიდატის ოფისს ქობულეთში  4 სექტემბერს გადაეცა.

 ცნობისთვის: თამარ კაიკაციშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას უკვე გამოეხმაურა ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის ქობულეთის ორგანიზაცია, კოალიცია „ქართული ოცნების“ მუნიციპალური წარმომადგენლობა და პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი კანდიდატები. ისინი სოლიდარობის ნიშნად სასამართლო პროცესს დაესწრებიან და ფაქტს უკანონო გადაწყვეტილებად აფასებენ.  

 შეგახსენებთ, რომ თამარ კაიკაციშვილი 2012 წლის 19 ივნისს, კოლეჯის დირექტორმა, ოფიციალური ვერსიით, სასწავლო პროცესში დაშვებული ხარვეზების გამო გაათავისუფლა, მოსარჩელე მხარემ კი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17 ივლისს მიმართა. დავის საგანს დირექტორის მიერ მიღებული ინდივიდუალურ–ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა და პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვა წარმოადგენს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში პირველი მოსამზადებელი  სხდომა 6 სექტემბრის გაიმართება. საქმეს მოსამართლე შეეცვალა და ახლა მას ჯუმბერ ბეჟანიძე განიხილავს.