დაჩი ცაგურიამ კამპანია „წართმეულიას“ ფარგლებში ბიზნესმენ დავით ბეგიაშვილისთვის ბიზნესის წართმევა გააპროტესტა

დაჩი ცაგურიამ კამპანია „წართმეულიას“ ფარგლებში ბიზნესმენ დავით ბეგიაშვილისთვის ბიზნესის წართმევა გააპროტესტა

 უფლებადამცველმა დაჩი ცაგურიამ თანამოაზრეებთან ერთად კამპანია „წართმეულია“ დაიწყო. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში მან ბიზნესმენ დავით ბეგიაშვილისთვის ჩამორთმეულ კომპანია „ალბატროსთან“ აქცია გამართა. 

მისი თქმით, 1 წლის წინ, ხელისუფლებამ ბეგიაშვილი უკანონოდ დააკავა, თავისუფლების სანაცვლოდ კი, მის მფლობელობაში მყოფი კომპანიის დათმობას აიძულებდა.

ცაგურიას მტკიცებით, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე კომპანია „ალბატროსის“ მაღაზია ამჟამად ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, ბიზნესმენის პირად ქონებას კი, ყადაღა ადევს. 
„მოდულის შენობაში ბეგიაშვილს „ურჩიეს“, თავისი ნებით ეჩუქებინა ქონება მათთვის, რაზეც მან უარი განაცხადა. სწორედ ეს უარი გახდა მისთვის ქონების ჩამორთმევის და განიავების საფუძველი. ბიზნესმენი იძულებული გახდა ქვეყნიდან გაქცეულიყო, ამჟამად თავს შვეიცარიას აფარებს“, - განაცხადა ცაგურიამ.
ცაგურია აცხადებს, რომ ბეგიაშვილის შემთხვევა გამონაკლისი არ არის და კამპანია „წართმეულიას“ ფარგლებში ის მსგავსი აქციების გამართვას მომავალშიც გეგმავს.