ხარატიშვილი: 7-იანის არმინიჭებასთან დაკავშირებით, კოლიციის მხრიდან სამართლებრივი დავის დაწყებას ველოდი

ხარატიშვილი: 7-იანის არმინიჭებასთან დაკავშირებით, კოლიციის მხრიდან სამართლებრივი დავის დაწყებას ველოდი

ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ კონფერენციაზე თემაზე  „ადამიანის უფლებები წინასაარჩევნო პერიოდში“ სიტყვით გამოსვლისას, ცესკოს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა განაცხადა, რომ ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნებას“ საარჩევნო ნომრად 7-იანის აღების მარტივი, ლეგალური, იურიდიული გზა ჰქონდა.

„ისმის ხოლმე ასეთი აზრი,  მიგვეცა 7-იანი რა იქნებოდაო, ეს ადამიანური თვალსაზრისით, ძალიან კარგი იქნებოდა და არავითარი დაპირისპირება არ მოხდებოდა, მაგრამ 7-იანის მიცემა-არმიცემის საკითხს კონკრეტული პოლიტიკური ძალა ისეთი ინტერპრეტაციით იყენებდა, რომ არ ჰქონდა გააზრებული არც იურიდიული და არც სხვა სახის ასპექტები. მთელი პრობლემა კი ის იყო,  რომ განაცხადის შემოტანამდე, 19 აგვისტოს 18:00 საათამდე „ქართულ ოცნებას“ 7-იანის მიღების საშუალება ჰქონდა. შეეძლო 2 ან 3 პარტიის დაბლოკვა და რეგისტრაციის შემდეგ მათი დამატება. მე ველოდი ბოლო წამამდე, რომ ისინი ამას გამოიყენებდნენ, თუმცა რაღაც მიზეზის გამო არ გამოიყენეს. გუშინ კი, კოლიციის პრეს-სპიკერის მაია ფანჯიკიძისგან ჩემი მისამართით განცხადება მოვისმინე, რომ მათ მსგავსი რამ არ მოაფიქრდათ“, - განაცხადა ხარატიშვილმა და დასძინა, რომ ვიღაცეებმა იმაზე მეტი პასუხისმგებლობა აიღეს, რომ 7-იანი ჩვენიაო, ვიდრე საჭირო იყო.

ხარატიშვილის თქმითვე, იგი 7-იანის არმინიჭებასთან დაკავშირებით, კოლიციის მხრიდან სამართლებრივი დავის დაწყებას ელოდა.