ბეჟან გუნავა ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

ბეჟან გუნავა ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“ წარმომადგენელი ბეჟან გუნავა  ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც,  მან საარჩევნო კომისიის ორ წევრთან ერთად,  ახალქალაქის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, ჰასმიკ მარანგოზიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, უარყოფს.

როგორც გუნავა აღნიშნავს, ჰასმიკ მარანგოზიანი აგრესიულად იყო განწყობილი კომისიის კოალიციის წევრების მიმართ.

„გვლანძღავდა... ჩვენი კომისიის წევრებს აბრალდებდა, რომ მათ საოლქო კომისიაში ფული მოიპარეს, ხოლო პროტესტის გამოთქმის შემდეგ ხელი დაარტყა კომისიის წევრ მედეა ნეფარიძეს, შემდეგ კისერზე ჩამომეკიდა მე და ჩამარტყა თავში“, - განაცხადა  გუნავამ.

ცნობისთვის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2012 წლის 3 სექტემბერს, ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში ამავე კომისიის წევრებმა მედეა ნეფარიძემ, ნინო ფხაკიძემ და საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ წარმომადგენელმა ბეჟან გუნავამ საოლქო კომისიის თავმჯდომარეს ჰასმიკ მარანგოზიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია გმობს აღნიშნული ძალადობის ფაქტს და საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილეს თავშეკავებისა და ურთიერთპატივისცემისკენ მოუწოდებს.