ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი სოფელ დუისში დაკრძალეს

ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი სოფელ დუისში დაკრძალეს

ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული კიდევ ერთი ადამიანი პანკისის ხეობის სოფელ დუისში დაკრძალეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ეს ადამიანი ბაჰაუდინ ბაღაკაშვილია.

გავრცელებული ინფორმაციით, ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი ასლან მარგოშვილისა და ბაღაუდინ ქავთარაშვილის (ალდამოვი) გვერდით დაკრძალეს, რომელთა ლიკვიდაციაც, ასევე, ლოპოტას ხეობაში განხორციელებული სპეცოპერაციისას მოხდა. 

ცხედრის დაკრძალვის შემდეგ ადგილობრივებმა ჟურნალისტებს სასაფლაოზე მისვლის საშუალება მისცეს და მათი მხრიდან აგრესიულობამაც იკლო. ამ დროისთვის სასაფლაოზე არავინ აღარ იმყოფება.

საქართველოს შს სამინისტროს გუშინდელი ინფორმაციით, ლოპოტას ხეობაში 11 ლიკვიდირებული პირიდან იდენტიფიცირებულია 7 ცხედარი, რომელთაგან 2 საქართველოს მოქალაქეა – 1990 წელს დაბადებული ასლან მარგოშვილი და 1986 წელს დაბადებული ბაჰაუდინ ქავთარაშვილი. დანარჩენი 5 პირი კი,  არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩრდილოეთ კავკასიიდან. მათგან ერთ-ერთი - ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი დაბადებულია გროზნოში 1986 წლის 10 თებერვალს და მას ნათესავები ჰყავს პანკისის ხეობაში. 

გარდა ამისა, იდენტიფიცირებულები არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები – 1968 წელს, ჩეჩნეთში დაბადებული დუკვახა დოშუევი; ასევე ჩეჩნეთში, 1991 წელს დაბადებული სალამ ზაურბეკოვი, ინგუშეთში 1989 წელს დაბადებული ხაშიევ ჯაბრაილი და გროზნოში 1981 წელს დაბადებული მუსა ადუევი. 

ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ  დუკვახა დოშუევი  ახმედ ზაკაევის დაცვის წევრია. გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, ასლან მარგოშვილი პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი იყო და სწავლა წელს უნდა დაესრულებინა.