სააკაშვილმა საარჩევნო კოდექსში ცვლილება მოამზადა

სააკაშვილმა საარჩევნო კოდექსში ცვლილება მოამზადა

წინასაარჩევნოდ საარჩევნო კოდექსში პრეზიდენტმა ინიციატივა მოამზადა, რომელიც დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომას წარედგინა.

სხდომის შემდეგ  უმრავლესობის წევრმა  აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცვლილება კოდექსის 57-ე მუხლის მე-6 პუნქტს შეეხება.  მინაშვილის თქმით, კანონის დღემდე მოქმედი რედაქციით, თუ პოლიტიკური პარტიის მხრიდან სერიოზული ფინანსური დარღვევებია ან მან არ წარადგინა ანგარიში, მაშინ შესაძლებელი ხდება, რომ არჩევნებზე ამ პარტიის ხმები არ იყოს დათვლილი.

“ეს ფაქტობრივად, არჩევნებიდან მის მოხსნას ნიშნავს. პრეზიდენტის ინიციატივით კი, ეს ნორმა კანონიდან ამოდის. მისი ინიციატივაა, რომ ამის ნაცვლად ჯარიმა დაწესდეს. კერძოდ, შემოთავაზებული ცვლილებით,  თუ პარტია ანგარიშს არ წარადგენს, ის 10 000 ლარით დაჯარიმდება. იმ შემთხვევაში კი, თუ ანგარიშს ხარვეზით წარდაგენს და ამ ხარვეზის  მითითების მიუხედავად, მაინც არ გამოასწორებს, მაშინ მას 3 000 ლარის გადახდა მოუწევს“, – აღნიშნა მინაშვილმა.

მისივე თქმით, ესაა პოლიტიკური განაცხადი იმაზე, რომ პირველი  ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დღემდე მოქმედი ნორმა არ იქნება გამოყენებული.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას სამი მოსმენა და მაღალი კვორუმი სჭირდება. ამ მოწვევის პარლამენტი კი ამ ცვლილებების მიღებას ვეღარ მოასწრებს, რადგან პარლამენტის პლენარული სხდომები აღარ იმართება. პოლიტიკური ნება კი კანონის მისაღებად საკმარისი არ არის.