საია სამართალდამცავებს ზურაბ ოტიაშვილის მიერ, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებს

საია სამართალდამცავებს ზურაბ ოტიაშვილის მიერ, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) სამართალდამცავ ორგანოებს ზურაბ ოტიაშვილის მიერ, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებს.

საიას ინფორმაციით, 27 აგვისტოს მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა ზურაბ ოტიაშვილის მიერ, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა.

შესაბამისად,  მათი თქმით, მედია-საშუალებისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალიდან ირკვევა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარგალში ამა წლის 25 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობისა და სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა სახალხო დღესასწაული „ვაჟაობა“.

„აღნიშნული ღონისძიების მიმდინარეობისას, პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ზურაბ ოტიაშვილი ადგილობრივ მაცხოვრებელს, გიორგი ბასილაშვილს 500 ლარით დაეხმარა. აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი რამდენიმე მტკიცებულება მოიპოვება. კერძოდ: icmm.ge-ზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერში გიორგი ბასილაშვილი ადასტურებს ზურაბ ოტიაშვილის მიერ მისი დახმარების ფაქტს; ჟურნალისტისთვის მიცემულ კომენტარში თავად ზურაბ ოტიაშვილიც ადასტურებს ამ ინფორმაციას და ამბობს: „გაჭირვებული იყო და ადამიანურად დავეხმარე. თქვენც რომ ნახოთ, თქვენც დაეხმარებით“;  ტელეკომპანია მაესტროს მიერ მომზადებულ სიუჟეტში გიორგი ბასილაშვილი და მისი მეგობარი კიდევ ერთხელ ადასტურებენ ზურაბ ოტიაშვილის მხრიდან ამომრჩევლის დახმარების ფაქტს. კერძოდ, ისინი მიუთითებენ, რომ ბასილაშვილს თანხა კონცერტის წამყვანმა გადასცა, რომელმაც გამოაცხადა, რომ ის ზურაბ ოტიაშვილისგან იყო“, - ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ჯერ კიდევ 18 აგვისტოს,  ვაჟაობის დღესასწაულამდე 1 კვირით ადრე ზურაბ ოტიაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მაჟორიტარობის კანდიდატად წარუდგინა მოსახლეობას.

„ბატონი ოტიაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს სწორედ მაჟორიტარი კანდიდატის რანგში ატარებდა, რასაც არაერთი ვიდეომასალა მოწმობს. მაგალითად, 23 აგვისტოს გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში ადგილობრივი მოხელე წყარუაშვილი ზურაბ ოტიაშვილთან ერთად ხვდება მოსახლეობას და სააგიტაციო შეხვედრას ატარებს, სადაც კანდიდატის დამსახურებებზე ამახვილებს ყურადღებას. აღნიშნული ფაქტების ერთობლიობა ადასტურებს, რომ ზურაბ ოტიაშვილი პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ მოქმედებს და საარჩევნო მიზნები გააჩნია. ამა წლის 31 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატი დუშეთის საარჩევნო ოლქში იქნება არა ზურაბ ოტიაშვილი, არამედ  ნინო ხუციშვილი, თუმცა, ეს ცვლილება გავლენას არ ახდენს 25 აგვისტოს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაციაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე თქმით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე პრიმა მუხლის მიხედვით, საარჩევნო მიზნით, პირისთვის პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის გადაცემა ამომრჩევლის მოსყიდვის დანაშაულს წარმოადგენს და ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ისჯება.