Financial Times: ივანიშვილის გამოჩენამ საარჩევნო კონკურენცია მნიშვნელოვნად გაზარდა

Financial Times: ივანიშვილის გამოჩენამ საარჩევნო კონკურენცია მნიშვნელოვნად გაზარდა

გამოცემა Financial Times - ი არჩევნების მოახლოებასთან ერთად საქართველოს თემით დაინტერესდა და ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში მიმდინარე პროცესები სტატიის სახით გამოაქვეყნა სათაურით საქართველო: ვარდების რევოლუციის ბნელი მხარე.

სტატიის ავტორი მაიკლ ჩეჩირე წერს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მმართველ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა" და ოპოზიციას შორის სულ უფრო მზარდი მტრული კონკურენცია სერიოზული ტესტია ქვეყნის მიერ სათუთად შექმნილი რეპუტაციისა, როგორც ლიბერალური ეკონომიკისა, რომელიც ღიაა უცხოური ინვესტიციებისთვის.

სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთთან ომის ოთხი წლის შემდეგ, საქართველო ენერგიულად ცდილობს, რომ ქვეყანა საერთაშორისო დონეზე ომის ზონად არ აღიქმებოდეს.

ჩეჩირე ეხება საქართველოში კორუფციის თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობასაც და აღნიშნავს, რომ კორუფციის წინააღმდეგ გადამჭრელი ზომების მიღებამ საქართველო, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნიდან ყოფილ საბჭოთა კავშირში, საუკეთესო პოზიციაზე აიყვანა და ამას ათეული წელიც კი არ დასჭირდა.

„მაგრამ ეს სრული სურათი არ არის. ვიდრე სააკაშვილის ადმინისტრაციას აქებენ დაბალ დონეზე კორუფციასთან გამკლავების გამო, ოპონენტები მას ავტოკრატიულ გადახრებსა და კორუფციის მაღალ დონეზე შენარჩუნებაში ადანაშაულებენ", - ნათქვამია სტატიაში.

მასალის ავტორის აზრით, მომავალმა არჩევნებმა მთავრობის პოლიტიკურ ოპონენტებში, რომლებმაც იყნოსეს, რომ სააკაშვილისა და მისი მოკავშირეების გამარჯვება შემოდგომის საპარლამენტო და მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გარდაუვალი აღარ არის, ბრაზიანი პროტესტი გამოიწვია.

სტატიაში აღნიშნულია, რომ 2011 წლის ოქტომბერში საქართველოს პოლიტიკური სურათი რადიკალურად შეცვალა მილიარდერის, საქართველოს უმდიდრესი ადამიანისა და ცნობილი ფილანტროპის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამ და მისმა განცხადებამ, რომ იბრძოლებდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ და აღნიშნულია, რომ ამან საარჩევნო კონკურენცია მნიშვნელოვნად გაზარდა.

„უმალ, ივანიშვილს, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა, საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს ისეთ საფუძველზე, რომელიც იშვიათად გამოიყენება და კრემლის მარიონეტად მონათლეს. ივნისის ბოლოს, ივანიშვილსა და მის პოლიტიკურ მოკავშირეებზე დაკისრებული მრავალი ფინანსური ჯარიმისა და პარტიის უკანონო დაფინანსებასთან დაკავშირებული ბრალდებების შემდეგ, საქართველოს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ივანიშვილს "ქართუ" ბანკის აქციების წილის 100% და "პროგრეს ბანკის" 21.7% ჩამოართვა. აქციების მყიდველები არ გამოჩნდნენ და სახელმწიფომ "ქართუზე" კონტროლი თავად აიღო და ახალი მმართველები დანიშნა. ამ საქმეზე საუბარი მთავრობის არც ერთ წარმომადგენელს არ სურს. ოპონენტების მიმართ ასეთი უხეში ზომების მიღებით, საქართველო ძირს უთხრის სახელმწიფოს მხრიდან ნაკლები ჩარევის მომხრე, ინვესტიციებზე ორიენტირებული, ტექნოკრატული სახელმწიფოს იმიჯს", - ფიქრობს სტატიის ავტორი.

სტატიის ქართულ თარგმანს Foreignpress-ი აქვეყნებს.