საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება  ამბასადორიალის შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ამბასადორიალის შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5-7 სექტემბერს, თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრა - ამბასადორიალი გაიმართება.

გაიმართება საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან. ელჩები შეხვდებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს.

ამბასადორიალზე განიხილება საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და მიზნები, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფისა და სუვერენიტეტის განმტკიცების ამოცანები, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანების პროცესი, ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები. ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული დიპლომატიის საკითხები.

ამბასადორიალს სტუმრის სტატუსით დაესწრებიან შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ შიკორსკი, არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰექტორ ტიმერმანი და ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრი რატუ ონოკე კუბუაბულა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ელჩებს სპეციალური სტუმრის სტატუსით მიმართავს ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი.

ღონისძიების პარალელურად ორმხრივი შეხვედრები გაიმართება.