არასამთავრობო ორგანიზაციებმა საარჩევნო პორტალზე ინფორმაცია 301 ინციდენტის შესახებ განათავსეს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა საარჩევნო პორტალზე ინფორმაცია 301 ინციდენტის შესახებ განათავსეს

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შექმნილ საარჩევნო პორტალზე ორგანიზაციებმა ინფორმაცია 301 ინციდენტის შესახებ განათავსეს. აღნიშნულის შესახებ განცხადება „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს.

აღნიშნული მონაცემების განთავსება საარჩევნო პორტალზე არჩევნებამდე ერთი თვით ადრ მოხდა.

როგორც პორტალის პროექტის მენეჯერმა მიხეილ ბენიძემ აღნიშნა, დაფიქსირებული ინციდენტებიდან ყველაზე მეტი ზეწოლის ფაქტია - 198. ასევე, მისი თქმით, პორტალზე აღრიცხულია ამომრჩევლის მოსყიდვის 46, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების – 41 და სხვა სახის დარღვევების 16 შემთხვევა.
მისი თქმით, რეგიონის მიხედვით ინციდენტების ანალიზი აჩვენებს, რომ ყველაზე მეტი დარღვევა კახეთის რეგიონში დაფიქსირდა, სადაც გამოვლენილია 62 ინციდენტი, ასევე დიდი რაოდენობით დარღვევებია იმერეთში - 49 ინციდენტი; შიდა ქართლში – 44, გურიაში – 29 და სამეგრელო-ზემო სვანეთში – 27. 
როგორც პროექტის მენეჯერი აღნიშნავს, თბილისის ათივე ოლქის შეჯამებული მონაცემებით, არჩევნების პორტალზე 43 ინციდენტია აღრიცხული. ოლქების მიხედვით ყველაზე მეტი დარღვევა ფიქსირდება გორში – 26 ინციდენტი, გურჯაანში – 15, დედოფლისწყაროში – 13, ლანჩხუთში – 11, ქუთაისში – 11, კასპში – 10, ოზურგეთში – 10, ლაგოდეხში – 9, ზუგდიდში – 9, საჩხერეში – 9.

„პორტალზე არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციის გარდა, დაფიქსირებულია მოქალაქეთა მიერ აღრიცხული ინციდენტებიც. საარჩევნო პერიოდის სავარაუდო დარღვევების შესახებ პორტალზე ინფორმაციის გაგზავნა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია უფასო სმს ნომერზე: 25-00“, - განაცხადა მან.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ პორტალის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირების მიზნით „სამართლიანი არჩევნები" ცენტრალურ და რეგიონულ ტელევიზიებში სარეკლამო კამპანიებს გეგმავს. ხოლო არჩევნების პორტალზე დაფიქსირებული ინციდენტების შესახებ ინფორმაციის მიღება მოქალაქეებს შეუძლიათ "ფეისბუქისა" და "ტვიტერის" მეშვეობითაც.