„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრს 55 დღიანი პატიმრობა შეეფარდა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრს 55 დღიანი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრს ბექა ჯიქიძეს 55-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თედო კობახიძის განცხადებით, ჯიქიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით წაუყენეს, რაც ძარცვას გულისხმობს. მისი თქმით ჯიქიძე უკანონოდ არის დაკავებული.

„18 წლის ახალგაზრდას,  უკანონოდ არის დაკავებული, იმისთვის, რაც არ ჩაუდენია. ჯიქიძეს ერთ-ერთი მოქალაქისთვის ჯაჭვის წართმევას აბრალებენ და მას ამის აღიარებას აიძულებენ.  სასამართლომ ამ შემთხვევაშიც პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით 1 სექტემბერს ჯიქიძე  3 მეგობართან- ედგარ გრიხინთან,  ირაკლი ჩითინაშვილთან და ნიკა კობახიძესთან ერთად "ქართული ოცნების" ოფისში იმყოფებოდა. შენობიდან გამოსვლის შემდეგ ის და მისი მეგობრები გაურკვეველი მიზეზით დააკავეს და ვარკეთილში მდებარე შუამთის ქუჩაზე არსებულ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

კობახიძის განმარტებით, ბრალდებულს დაკავების დღიდან ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

„სასამართლო პროცესზე „ქართული ოცნების" წარმომადგენლები და ჯიქიძის ახლობლები არ დაუშვეს, რადგან პროცესს პოლიციელები ესწრებოდნენ“, - აცხადებს უფლებადამცველი.

სამართალდამცველებმა "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრი, 18 წლის ბექა ჯიქიძე ს 1-ელ სექტემბერს დააკავეს. კოალიციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ინფორმაციით, ჯიქიძე ოფისიდან გამოსვლის შემდეგ, დაახლოებით 18.00 საათზე, ორმა პოლიციელმა გააჩერა, ჯერ სურათები გადაუღეს და შემდეგ ეკიპაჟი გამოიძახეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.