„ახალმა მემარჯვენეებმა“ მთელი საქართველოს მაშტაბით მშვიდობიანი მარშის დაწყება გამოაცხადეს.
ამის შესახებ პარტიის წარმომადგენლებმა გუშინ საღამოს ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე ე.წ. "წითელ ბაღში" საბურთალოს რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას მათი სააგიტაციო ავტობუსის პრეზენტაცია დასრულების შემდეგ განაცხადეს.
სააგიტაციო ავტობუსი პარტიის საარჩევნო ნომრით და სიმბოლიკითაა გაფორმებული. პარტიის ლიდერებმა მოსახლეობას სიტყვით მიმართეს.
„ჩვენ ამ მარშს, რომელსაც ავტობუსით განვახორციელებთ 'მშვიდობის მარში" დავარქვით, რადგან დღეს ქართულ პოლიტიკას, საქართველოს მომავალ პარლამენტს სწორედ ის სტაბილურობა და სიმშვიდე, სწორედ ის "შუა" დამაბალანსებელი სჭირდება, რომელიც "ახალ მემარჯვენეებს" შეგვიძლია მოვიტანოთ. ეს მარში აღმოსავლეთიდან დასავლეთით - დედოფლისწყაროდან სარფამდე მთელს საქართველოს გადაკვეთს და ქუთაისში დასრულდება, სადაც "ახალი მემარჯვენეები" მომავალ პარლამენტში ჩვენს საარჩევნო პროგრამას "შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად " განხორციელებით მართლაც შევძლებთ, რომ ჩვენს სახელმწიფოში შეძლებული ოჯახები ცხოვრობდნენ,რომელთა მინიმალური შემოსავალი თვეში მინიმუმ 1000 ლარი იქნება და არა 4 წელიწადში 1000 ლარი, როგორც ამას ვანო მერაბიშვილი პირდება", - განაცხადა დავით გამყრელიძემ.
გუშინვე გამყრელიძემ საბურთალოელებს პარტიის აბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა კაციტაძე წარუდგინა. კაციტაძის თქმით, პოლიტიკის მრავალფეროვანება დემოკრატიული სახელმწიფოს აუცილებელი პირობაა და აღნიშნა, რომ მათი პარლამენტში ყოფნით სწორედ ამ დემოკრატიულ ხაის განვითარებას აპირებენ.
„მე ვპირდები საბურთალოს, რომ მისი დეპუტატი ვიქნები მრავალპარტიულ პარლამენტში სადაც "ახალი მემარჯვენეები" თითოეული ოჯახის ძლიერებისთვის, მისი ღირსეული ცხოვრებისთვის ვიბრძოლებთ"- განაცხადა მამუკა კაციტაძემ.